ავლაბრის მურაშკოს თეატრი, 1894-იდან ავლაბარში სცენისმოყვარენი სხვადასხვა ბინაში მართავდნენ წარმოდგენებს. 1895 თბილ. გრენადერთა პოლკის ყაზარმაში დადგეს ქართ. წარმოდგენა „არსენა“. 1897 ა. თამაზაშვილის ხელმძღვანელობით დაიდგა ი. მაჩაბლის „ადვოკატი მელა“ და ა. ცაგარლის „ბაიყუში“. სცენისმოყვარეებს დახმარება აღმოუჩინა პროგრესულმა სახელმწიფო მოღვაწემ, მეფის არმიის შტაბს-კაპიტანმა ნ. მურაშკომ. მისი ხელმძღვანელობით მისავე მამულში (ავლაბარში, თელავის ქუჩაზე) აიგო 200-ადგილიანი თეატრი. მურაშკოს თეატრში მოქმედებდა ქართ., სომხ. და რუს. დასები (ხელმძღვანელები – ი. იმედაშვილი, გ. ფირუმიანი, გ. გულაზიანი და ნ. მურაშკო). 1902 წ. 10 ნოემბ. ა. მ. თ-ის სცენაზე წარმოდგენილი ქართ. სპექტაკლით (ზ. ანტონოვის პიესა „მე მინდა კნეინა გავხდე“) არსებობა დაიწყო ავლაბრის სახალხო თეატრმა.
თ. გომართელი