ავტონომია

ავტონომია (ბერძნ. autonomia – თვითმმართველობა < autos – თვით და nomos – კანონი), პოლიტიკურ-სამართლებრივი, მნიშვნელობით – სუვერენული სახელმწი-ფოს ტერიტ. განსაზღვრული ნაწილის თვითმმართველობის ფორმა.

საქართველოში ა-ის საკითხს ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი უკავშირდება ხელშეკრულებას ქართლ-კახეთის სამეფოს რუს. მფარველობაში შესვლის შესახებ (გეორგიევსკის ტრაქტატი 1783). საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ ავტონ. მართვა-გამგებლობის იდეა თავს იჩენდა ეროვნ.-განმათ. ბრძოლის პროცესში, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზებისა და საშუალებების ძიების დროს. XX ს. დასაწყისში საქართვ. ა-ის შექმნას მოითხოვდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტია (ა. ჯორჯაძე და სხვ.). ქართვ. მენშევიკებმა 1912 წამოაყენეს კულტ.-ეროვნ. ა-ის იდეა, რ-ის თანახმადაც თვითმმართველობა მხოლოდ კულტ., სკოლებისა და ენის ჩარჩოებით იფარგლებოდა. კავკ. ბოლშევიკური ორგანიზაციების პირველმა სამხარეო ყრილობამ (1917 წ. 2– 7 ოქტ.) მოითხოვა კავკ. ა. რუს. შემადგენლობაში და ფართო ადგილ. თვითმმართველობა იმ ვარაუდით, რომ კავკასია დაიყოფოდა ახ. ადმ.-სამეურნეო ერთეულებად, უმთავრესად ეკონ. და ყოფა-ცხოვრების ვითარების მიხედვით, აგრეთვე, შესაძლებლობისამებრ, მოსახლ. ეროვნ. შემადგენლობის გათვალისწინებით. ქართვ. ერთან მიმართებით ეს ნიშნავდა კავკ. ა-ში ერთმანეთისაგან განცალკევებული რამდენიმე ქართ. ადმ.-სამეურნეო ერთეულის შექმნის შესაძლებლობას. ასეთი „ეკონომიკურ-ადმინისტრატიული გადამიჯვნა“ (გაზ. „ბრძოლა“, 1917 წ. 22 ოქტ., № 21, გვ. 3), რაც უმართებულო იყო ეროვნ.-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არ განხორციელდა. 1918 წ. 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და აღდგა ქართ. სახელმწიფოებრიობა – შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ დაიწყო ა-ის შექმნა თვით საქართველოს შემადგენლობაში. საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის კონსტიტუციის (შედგენილი და გამოცემული დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის მიერ, ტფ., 1920, თ. 11, მმ. 120 – 121) და კონსტიტუცია (მიღებული საქართვ. დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წ. 21 თებ., ბათუმი, 1921, თ. 11, მმ. 107–108) აცხადებდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათუმის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი) ენიჭებათ ადგილ. საქმეებში ავტონ. მმართველობა (ყოფ. ზაქათალის ოლქი ამჟამად აზერბაიჯანის შემადგენლობაშია). გათვალისწინებული იყო, რომ „ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით“ (1919 წ. 20 მარტს აფხაზეთის სახ. საბჭომ მიიღო „აფხაზეთის ავტონომიის აქტი“, ხოლო საქართვ. დამფუძნებელმა კრებამ იმავე წლის 21 მარტს მოიწონა ეს „აქტი“ და 1921 წ. 21 თებ. დაამტკიცა „დებულება აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის შესახებ“). სულ მალე (1921 წ. 25 თებ.) საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის, ძალდატანებით გასაბჭოებისა და ფაქტობრივი ანექსიის შედეგად არსებობა შეწყვიტა.

ავტონომიური მმართველობა საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩამოყალიბდა. ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში საქართვ. ავტონომიზაციის პროცესი გაღრმავდა. აფხაზეთში საბჭ. ხელისუფლების გამოცხადების შემდეგ საქართვ. რევკომმა 1921 წ. 21 მაისს ცნო აფხაზეთის სსრ შექმნა, 16 დეკ. კი თბილისში მათ შორის დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება, რ-მაც განსაზღვრა აფხაზეთის სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოს შემადგენლობაში. 20-იანი წლების ბოლომდე აფხაზეთი არსებითად სახელშეკრულებო-ავტონომიური რესპუბლიკა იყო. 1931 აფხაზეთმა მიიღო ასსრ-ის სამართ. სტატუსი (საქ. სსრ კანონთა კრებ., 1931, № 9, მ. 91). აჭარის ასსრ შეიქმნა საქართვ. რევკომის 1921 წ. 16 ივლ. დეკრეტის საფუძველზე არა ეროვნ. ნიშნის მიხედვით, არამედ საგარეო-პოლიტ. ფაქტორის გათვალისწინებით (რუსეთ-თურქ., აგრეთვე ამიერკავკ. რესპუბლიკებისა და თურქეთის 1921 ხელშეკრულებები შეიცავდა პირობას, რომ აჭარის მოსახლეობა საქართველოს შემადგენლობაში ადმ. მიმართებით ისარგებლებდა კულტ.-რელიგ. უფლებათა უზრუნველმყოფი ფართო ადგილობრივი ა-ით). საბჭ. პერიოდშივე შეიქმნა სამხრ. ოსეთის აო (მისი შექმნა გაფორმდა სრულიად საქართვ. ცაკ-ისა და სახკომსაბჭოს 1922 წ. 20 აპრ. დეკრეტით). ავტონ. ერთეულები აღინუსხა საქ. სსრ 1922 კონსტიტუციაში, მათი სამართ. მდგომარეობა კი განისაზღვრა ჯერ 1927, შემდეგ კი 1937 და 1978 კონსტიტუციებით.

ცნობები არსებული და ყოფილი ავტონ. ფორმირებების შესახებ იხ. აგრეთვე ნაწილებში: საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საქართველოს რესპუბლიკა.

ი. ფუტკარაძე