ავშანი

ავშანი (Artemisia), მრავალწლოვან, იშვიათად ერთწლოვან ბუჩქ-ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ა-ის 500-მდე სახეობიდან, რ-იც გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკაში, საქართველოში იზრდება 12. უმრავლესობა გვალვაგამძლეა. აქვს სწორი ღერო, ღრმა ფესვები, დანაკვთული, უმეტესად ლეგა ფოთლები, პატარა კალათები, რ-ებიც რთულ საგველანაირ ყვავილედს ქმნის. ა-ის ზოგიერთი სახეობა (მაგ., აბზინდა – A. absinthium) შეიცავს ეთეროვან ზეთებსა და გლიკოზიდებს, რ-ებიც მედიცინაში იხმარება, ზოგიერთი (ა. – A. fragrans) აღმ. საქართვ. ველებსა და ნახევრად უდაბნოებშია გავრცელებული და ცხვრის ზამთრის საძოვრებს ქმნის. არის აგრეთვე დეკორ. სახეობები (გიეში – A. caucasica) და სარეველები (უჯანგარი– A. annua, მამულა – A. vulgaris, სამწვანე – A. scoparia და სხვ.). ა-ის ზოგი სახეობა უდაბნოებში მოძრავ ქვიშებს ამაგრებს.

შ. ნახუცრიშვილი