ავჭალის აუდიტორია, პირველი სახ. თეატრი, რ-იც დაარსდა 1893 წ. 23 სექტ. თბილისში. მისი დამაარსებლები იყვნენ სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეები ვ. თევდორაშვილი, გ. ჯაბაური, ი. ძნელაშვილი, მ. თუშმალიშვილი, ი. იმედაშვილი, რ-მაც შეიმუშავა თეატრ. ამხანაგობის წესდება; ძირითადი მიზანი იყო უფასო წარმოდგენების გამართვა. რკინიგზის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ნ. ხუდადოვის დახმარებით სცენისმოყვარეთა წრემ მიიღო 287-ადგილიანი დარბაზი, სადაც წარმოადგინეს პირველად ა. ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“; წარმოდგენის შემდეგ წრეს შეემატნენ გ. მურმანიშვილი, დ. სხირტლაძე, ი. ინასარიძე, ი. სუხიშვილი. ბილეთის ფასი ხელმისაწვდომი იყო (თითო შაური). შემდეგი სპექტაკლი იყო ვ. გუნიას „და-ძმა“, რ-შიც მარინეს როლი შეასრულა სცენისმოყვარე ქალმა ე. იოსელიანმა. წრეს, რ-საც დიდ დახმარებას უწევდა მასწავლებელი ე. ასათიანი (ფსიქიატრ მიხეილ ასათიანის დედა), შეემატნენ სცენის მოყვარენი: ე. წულუკიძე, ა. ჩაჩიბაია, ი. ქავთარაძე, ს. ჯუღელი, ს. ციციშვილი, ს. როინიშვილი, მ. მდივანი, ე. ბარათაშვილი, ი. აგლაძე, ს. ბაქრაძე, თ. გოგოლაშვილი, კ. ხახანაშვილი, ვ. ურუშაძე, კ. სარჯველაძე, ნ. დავითაშვილი. რეპეტიციებს მართავდნენ კერძო ბინებზე (მ. დემურიას, კ. ხახანაშვილის, ს. როინიშვილის, ნ. გოცირიძისა), აგრეთვე გაზ. „კვალის“ რედაქციასა და სკოლაში, სადაც ე. ასათიანი იყო მასწავლებლად. რეპერტუარში ჰქონდათ: ვ. მონტის „გაიუს გრაკქუსი“, გ. სუნდუკიანის „პეპო“, ა. ყაზბეგის „არსენა“ და სხვ. წრეს დიდ დახმარებას უწევდნენ პროფესიონალი მსახიობები ნ. გაბუნია, მ. საფაროვა-აბაშიძისა, ლ. მესხიშვილი, ვ. აბაშიძე, ე. ჩერქეზიშვილი, კ. მესხი, კ. ყიფიანი, ვ. გუნია და სხვ., რ-ებიც უსასყიდლოდ მონაწილეობდნენ სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1896 წრე შეიხიზნა „თბილისის სახალხო კითხვის საზოგადოებამ“, რ-საც მ. დემურია ხელმძღვანელობდა. მან ითავა წრის ხელმძღვანელობაც. სახ. თეატრს დიდ დახმარებას უწევდნენ გ. ლასხიშვილი და დრამ. საზ-ბა. წარმოდგენის შემდეგ ხშირად იმართებოდა დივერტისმენტები. ლექსებს კითხულობდა თეატრის ღონისძიებათა აქტ. მონაწილე ი. ევდოშვილი, მუშებისთვის ხშირად ეწყობოდა უფასო ლექციები. 1909 სცენისმოყვარენი გადავიდნენ კ. ზუბალაშვილისა და მისი შვილების, ძმები მრეწველების, სტეფანეს, პეტრეს და იაკობის სახსრებით აშენებულ სახალხო სახლში, სადაც გაგრძელდა წრის მოღვაწეობა.
თ. გომართელი