აზავრეთი

აზავრეთი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. აზავრეთისხევის (ფარავნის აუზი) ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ბურნაშეთი, ლომატურცხი, ღადო). ზ. დ. 1900 მ, ახალქალაქიდან 25 კმ. 1,2 ათ. მცხ. (2014).

სოფელში დგას შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია. სტილისტიკური ნიშნებით X ს. I ნახ. მიეკუთვნება, შეინიშნება უფრო ადრინდ., VI–VII სს. სამშენებლო ფენაც. ნაგებია ძირითადად თლილი ქვით. გამოყენებულია აგრეთვე ყორე და ნატეხი ქვა. აღმ-ით ნახევარწრიული შვერილი აფსიდი აქვს. სამხრ-ით მთელ სიგრძეზე გასდევს მინაშენი. განსაკუთრებული ყურადღებით არის დამუშავებული ინტერიერი. გრძივ კედლებზე ორ-ორი პილასტრია, რ-ებსაც კედლის თაღები ეყრდნობოდა. კამარას აქვს ერთმანეთთან ახლო-ახლო განლაგებული 6 საბჯენი თაღი, რ-ებიც უჭირავს 6 წყვილ სხვადასხვაგვარად პროფილირებულ კონსოლს. დას. კედელში ზემოთ 2 დიდი თაღოვანი ღიობია. თაღები დაყრდნობილია შუაში მოთავსებულ მრგვალ სვეტზე, რ-ის კაპიტელი ვოლუტებით არის გაფორმებული. საფიქრებელია, რომ აქ პატრონიკე იყო მოთავსებული. ორმალიანი თაღედის სახე აქვს მინაშენის სამხრ. კედელში მოწყობილ შესასვლელსაც. შენობას თითო კარი აქვს დას-იდან და ჩრდ-იდან. ძეგლის მორთულობა ძუნწია. ძეგლი ძლიერ იყო დაზიანებული. რესტავრირებულია 1981 (არქიტ. გ. ნიკოლაძე).

დ. ხოშტარია