ადიღეური ენა

ადიღეური ენა, იბერიულ-კავკასიურ ენათა აფხ.-ადიღ. ჯგუფის ადიღური ენების შტოს ახალდამწერლობიანი ენა.

გავრცელებულია ადიღესა და კრასნოდარის მხარის ტუაფსესა და ლაზარევსკაიას რ-ნებში. ა. ე-ზევე ლაპარაკობენ მუჰაჯირობის დროს თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადასახლებული ადიღეელები. აქვს 4 დიალექტი: ჭემგუური, აბძახური, ბჟედუღური და შაფსუღური. სალიტერატურო ენის საფუძველია ჭემგუური დიალექტი, რ-საც შედარებით მარტივი ფონეტ. სისტემა ახასიათებს.

ა. ე-ის ხმოვანთა სისტემა მარტივია. გამოიყოფა 3 ხმოვანი – ა, ჳ და ჷ. ეს ხმოვნები ჲ და u სონანტებთან ქმნის დიფთონგებს. თანხმოვანთა სისტემა რთულია. ხშულები სამეულებრივი სისტემით არის წარმოდგენილი. შედარებით ძველი – ოთხეულებრივი სისტემა შემონახული აქვს ბჟედუღურსა და შაფსუღურ კილოებს. შიშინა სიბილანტებში გამოიყოფა მაგარი და არამაგარი ფონემები. სპეციფ. ფონემებია სისინ-შიშინა სპირანტები, ლაბიალიზებული თანხმოვნები, შუაენისმიერი სპირანტები, ლატერალები, ფარინგალური და ლარინგალური თანხმოვნები. ფუძეებისათვის დამახასიათებელია სრულხმოვნიანობა.

ა. ე-ში სახელთა სისტემა მარტივია, ზმნისა – რთული. არსებით სახელს აქვს ბრუნვის, რიცხვის, განსაზღვრებისა და კუთვნილების კატეგორიები. საკუთარი სახელები, წესისამებრ, არ დაირთავს სახელობითისა და ერგატივის ბრუნვათა აფიქსებს. ერგატივის ნიშანი ადიღეურში, ისევე როგორც ყაბარდოულში (და აგრეთვე ქართულში), ორი სახითაა წარმოდგენილი: ორგანული სახით – ჩვენებით ნაცვალსახელებში და აღწერითი სახით – არსებით სახელში.

ა. ე-ში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არსებით სახელთა კუთვნილებითი კატეგორია. ყაბარდოულისაგან განსხვავებით, ადიღეურში გარჩეულია სახელთა ორგ. და ნივთიერი კუთვნილების კატეგორია, რ-ის ჩამოყალიბება აქ შეპირობებულია ხმოვნით გამოხატული ფონეტ. ხასიათის ცვლილებით.

რიცხვითი სახელები 30-მდე ათეულებრივი სისტემისაა, შემდეგ კი – ოცეულებრივისა. ზმნა შეიძლება იყოს მონოპერსონალურიცა და პოლიპერსონალურიც. პირი პრეფიქსებითაა გამოხატული. გაირჩევა 2 რიგის აფიქსები - ნომინატივის რიგისა ს-ჷ (ჷ-თი გახმოვანებული) და ერგატივის რიგისა ს- (გაუხმოვნებული).

პოლიპერსონალურ ზმნაში პირველი ადგილი უჭირავს ნომინატივის რიგის პირის პრეფიქსს. დინამ. ზმნებს აქვს დრო-კილოთა რთული სისტემა. გამოიყოფა შემდეგი სიტყვაწარმოებითი კატეგორიები: კაუზატივის, ქცევის, თანაობის, საურთიერთო, საზიარო, პოტენციალისის, უნებურობისა და მიჩნევის. ზმნა გვარს ვერ არჩევს. მიმღეობას ერთდროულად შეიძლება ჰქონდეს როგორც ბრუნვის, ისე პირის აფიქსები. ზმნისწინების სისტემა რთულია. ზმნური წარმოების ერთ-ერთი სახეობაა ინკორპორაცია. გარდამავალი ზმნა ერგატიული კონსტრუქციისაა. ჰიპოტაქსი არ არის განვითარებული. დამოკიდებული წინადადების ფუნქციას ასრულებს ზმნის ინფინიტური ფორმები.

ლექსიკაში შეიმჩნევა ძველად შეთვისებული სიტყვები ქართ., ოსური, თურქ. და არაბ. ენებიდან. ამჟამად სალიტ. ენის ლექსიკაში ბევრია რუსულიდან შემოსული სიტყვა. 1918 არაბ. გრაფ. საფუძველზე შეადგინეს ადიღეური ანბანი; 1927-იდან გავრცელდა ლათ. ანბანი; 1938-იდან დამწერლობა ეფუძნება რუს. გრაფიკას.

ლიტ.: როგავა გ., ორგანული და ნივთიერი კუთვნილების კატეგორია ადიღეურ ენაში, თბ., 1980; ჯანაშია ს., შრომები, [ტ.] 4, თბ., 1968; Кумахов М. А., Адыгейский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Рогава Г. В., К вопросу о структуре именных основ и категориях грамматических классов в адыгских (черкесских) языках, Тб., 1956 (ბიბლიოგრ); Рогава Г. В., Керашева З. И., Грамматика адыгейского языка, Краснодар-Майкоп, 1966.

გ. როგავა