ავალიშვილი ალექსანდრე სიმონის ძე [8. IX. 1852, სოფ. სადგერი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, — 8. III. 1916, ოდესა (უკრაინა)], რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1909). დაამთავრა სტავროპოლის კაზაკების იუნკერთა სასწავლებელი და ოფიცერთა კავალერიის სკოლა. მსახურობდა ნიჟეგოროდის მე-16 დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში კავკასიის ფრონტზე. ძირითადად მსახურობდა კავკასიაში. 1899–1909 იყო ინგერლანდიის 30-ე დრაგუნთა პოლკის მეთაურის მოადგილე, 1909 თადარიგში გავიდა. I მსოფლიო ომის დროს მოხალისედ დაბრუნდა სამხ. სამსახურში, მეთაურობდა სახალხო რაზმებს, შემდეგ ირიცხებოდა ოდესის სამხ. ოლქის რეზერვში. დაჯილდოებულია წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია ოდესაში.
ლიტ.: Д и в н ы й И. В., Страницы военного некрополя старой Одессы. Биографический справочник, К., 1996.
მ. გოგიტიძე