აზარაშვილი ვაჟა შალვას ძე (13. VII. 1936, თბილისი -7. II. 2024, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1988), პროფესორი (1991).
1961 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი), 1964 ‒ ასპირანტურა (ა. ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით).
1961-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას (1971-იდან –თბილ. კონსერვატორიაში). 1997–2008 იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავ-რე.
ა. ნაყოფიერად მუშაობს მუს. ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში (საკრავიერი კონცერტები, კამერულ-საკრავიერი ნაწარმოებები, ბალეტი, ოპერეტა, საესტრადო სიმღერა, თეატრისა და კინოს მუსიკა). ნაწარმოებები: ბალეტი „ხევისბერი გოჩა“ (ა. ყაზბეგის მიხედვით, 1982, დაიდგა ქუთაისში, 1982); ოპერეტები „მეცხრე ტალღა“, „შვიდნი ძმანი გურჯანელნი“, „ბიჭუნა“, „ცეკვის მასწავლებელი“, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „კახელები ბამზე“; მიუზიკლი „მეჩექმე გაბო“ (1995) (ყველა დაიდგა თბილისში, მუს. კომედიის თეატრში, 1969 – 85); 2 სიმფონია (1966, 1986), კონცერტინო სიმფ. ორკესტრისათვის (1963), „არია და იუმორესკა“ (1964), კონცერტი ჩელოსათვის (1969), 2 კონცერტი ვიოლინოსა და სიმფ. ორკესტრისათვის (1972, 1973), სონატა 2 ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1975), „ბალადა შინმოუსვლელ გმირზე“ (1970); სიმებიანი კვარტეტი (1999) და საკვარტეტო პიესების ციკლები: „მშობლიური მხარის სურათები“, „ძველი თბილისის სურათები“ (ორივე 1990); ვოკალური ციკლები ი. გრიშაშვილისა და შ. ნიშნიანიძის ლექსებზე (1980); დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი საესტრადო სიმღერები „დინამო, დინამო“ (ქართ. ფეხბურთის მუს. ემბლემა), „ხევსურული ბალადა“, „მუსიკა“, „ისევ წვიმს“, „დრო სათაყვანო“ და სხვ. მრავალი. ავტორია კინომუსიკისა („მზე შემოდგომისა“, რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1973) და დრამ. სპექტაკლების მუსიკისა (40-ზე მეტი). ა-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკვიდრი ეროვნ.-სტილისტური საფუძველი, პროფ. კულტურა. თანამედროვე საკომპოზიციო ხერხების გამოყენება.
ა. არის საქართვ. კომკავშირისა (1974) და საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემიების (1982) ლაურეატი; თბილისის (1999), ახალციხის (2013), სიღნაღის (2019) საპატიო მოქალაქე. თბილ. დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გახსნილია (2011) ა-ის ვარსკვლავი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996), საქართვ. სახელმწ. (2003), ი.გოგებაშვილის (1998), ზ. ფალიაშვილის (2003), რუსთაველის (2013) პრემიების, სანქტ-პეტერბურგის საერთაშ. კონკურსის (2003) ლაურეატი. ა-ს მიღებული აქვს „კულტურის რაინდის“ (2013) და „ხელოვნების ქურუმის“ (2017) წოდებები.
ლიტ.: ბალანჩივაძე ი., შემოქმედებითი პორტრეტის კონტურები, «საბჭოთა ხელოვნება», 1984, № 5; Торадзе Г., Первая работа для балетной сцены, «Советская музыка», 1984, № 10.
ლ. კაკულია