აზიანი (ნამდვ. გვარი დონდაროვა) ნატალია მიხეილის ასული (1878, გორი, - 31. I. 1943, თბილისი), დრამატურგი, პუბლიცისტი.
დაიბადა შეძლებული ვაჭრის ოჯახში. არსად არ უსწავლია. პირველი პიესა „ინჯილერი ან დოხტური“ ა-მა „ივერიის“ რედაქციაში მიუტანა ა. ახნაზაროვს, რ-საც ძალიან მოეწონა პიესა და რაკი ავტორს თავისი გვარის მოწერა არ უნდოდა, თვითონვე შესთავაზა ფსევდონიმი „ა.“ ახნაზაროვმა პიესა გადასცა ი. ჭავჭავაძეს, რ-ის რეკომენდაციით 1898 იგი დადგა ქართულმა დრამატულმა საზ-ბამ; პიესაზე გამოქვეყნდა რეცენზიები „ივერიასა“ (1898, №2) და „კვალში“ (1898, №3). ა-ს ეკუთვნის პიესები „ფული და ხარისხი“: „ცოდვა“, „გაცრუებული იმედი“, „ხან ისე და ხან ასე“, „ვაი კალმისაგან“, „სამშობლოს ბურჯი“, სატირული სცენები „პოლიტიკური დურაჩკა“ (დაიბეჭდა გაზეთში „ჩვენი ცხოვრება“, 1907, №3). 1925 კ. მარჯანიშვილიმა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრში დადგა „დეზერტირკა“ (1966 ამავე თეატრმა წარმოადგინა იგი „უკანასკნელი მასკარადის“ სახელწოდებით). ა-ს ეკუთვნის აგრეთვე მრავალი მოთხრობა, სატირული ფელეტონი, პამფლეტი, რ-ებიც იბეჭდებოდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. აღსანიშნავია მისი სატირული სცენები „1904 – 1906 წლებამდე ანუ ავადმყოფი და წამლობა“, „მოგონებანი ქართველ მწერლებზე“ (1946 გამოქვეყნდა „ლიტერატურულ მატიანეში“).
თხზ.: პიესები, [თბ.], 1936.
ლიტ.: აბაშიძე კ., ნატალია აზიანის შემოქმედება, «საბჭოთა ხელოვნება», 1936, №4–5; შარაშენიძე ე., ქართული მწერლობა 1905 წლის რევოლუციის პერიოდში, თბ., 1959.
ვ. წოწელია