ალ-აზიმი მუჰამად იბნ ალი (1090, ჰალაბი, სირია,–1161, იქვე), არაბი ისტორიკოსი.
ავტორია რამდენიმე თხზულებისა, რ-თაგანაც შემორჩა ერთი – „ალ-აზიმის ისტორია“ („თარიხ ალ-აზიმი“) – მსოფლიოს მოკლე ისტორია 1143/44-მდ,. სადაც ძირითადი აქცენტი გადატანილია სირიაზე. თხზულების ნაწილი (მისი ერთადერთი ნუსხა დაცულია სტამბოლში უმუმის ბ-კაში), რ-იც 1063–1143/44 ამბებს ეხება, გამოსცა კ. კაენმა. მასში დაცულია ცნობები 1048 თურქ-სელჩუკთა მიერ კლდეკარის ერისთავის, ლიპარიტ IV-ის დატყვევების, 1121 დავით აღმაშენებლის მიერ მუსლიმთა კოალიციის დამარცხების, დავითის გარდაცვალებისა და დემეტრე I-ის დროინდელი საქართველოს საშინაო ვითარებისა და საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ეპიზოდის შესახებ.
ლიტ.: ჯაფარიძე გ., რამდენიმე ეპიზოდი დემეტრე I-ის ზეობის ხანიდან არაბულ ისტორიულ წყაროებში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1992, №2. Cahen C., La chronique abrégée d΄al ՙAzimi, «Journal Asiatique», t. 230, P., 1938.
გ. ჯაფარიძე