აკუნინი ბორის (გრიგოლ შალვას ძე ჩხარტიშვილი, დ. 20. V. 1956, ზესტაფონი), რუსი მწერალი, მეცნიერი – იაპონისტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, საზ. მოღვაწე.
1958 ა-ის ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ა-მა 1973 დაამთავრა მოსკოვის 36-ე (ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების) სკოლა. სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის აზია-აფრიკის ქვეყნების ინ-ტში ისტ.-ფილოლოგიის ფაკ-ტზე, რ-იც დაამთავრა ისტორიკოს-იაპონიისმცოდნის სპეციალობით. 1999–2000 მუშაობდა ჟურნ. „ინოსტრანნაია ლიტერატურას“ მთ. რედაქტორის მოადგილედ.
მხატვრულ ნაწარმოებებს აქვეყნებს 1998-იდან ფსევდონიმით „ბორის აკუნინი“, ხოლო კრიტ. და დოკუმენტურ ნაშრომებს – ნამდვილი სახელითა და გვარით. მისი ფსევდონიმებია ასევე ანა ბორისოვა და ანატოლი ბრუსნიკინი. „აკუნინი“ იაპონური სიტყვაა, დაახლოებით (ქართ. ზუსტი თარგმანი არ ეძებნება) ნიშნავს ავკაცს, არაკანონმორჩილს. მწერალს პოპულარობა მოუტანა დეტექტიური რომანების სერიამ, რომელთა მთავარი გმირია ერასტ ფანდორინი („თურქული გამბიტი“, „ლევიათანი“, აზაზელი“, სამივე 1998; „The State Counsellon“, 1999 და სხვ.). ავტორია ასევე რომანების სერიისა „პროვინციული დეტექტივი, ანუ პელაგიას თავგადასავლები“; ესეისტური ნაშრომისა „მწერალი და თვითმკვლელობა“, 1999; ისტ. ჟანრის ნაშრომისა – „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ (ისტ. ჟანრზე მუშაობა 2011– 12 დაიწყო). ასევე „სასაფლაოს ამბებისა“ და მრავალი სხვა.
ა. თარგმნის მხატვრულ ლიტ-რას რუს. ენაზე ინგლისური და იაპონური (იუკიო მისიმა, კენძი მარუიამა, მასაჰიკო სიმადა, კობო აბე, ტაკეში კაიკო და სხვ.) ენებიდან. მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცა იაპონური ლიტ-რის ანთოლოგიის 20-ტომეული. ა-ის ნაწარმოებები თარგმნილია ქართ. ენაზე.
2013 ა-მა დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდა. როგორც თავად ამბობს ცხოვრობს და მუშაობს ინგლისში (ძირითადად), ასევე ესპანეთსა და საფრანგეთში. 2016 ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით ა. საქართველოში ჩამოვიდა. ეს ჩამოსვლა მან ასე შეაფასა: „ესაა დაბრუნება იქ, სადაც არასოდეს ვყოფილვარ“. ილიას სახელმწ. უნ-ტმა მწერალს უნ-ტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
2005 ა-ს გადაეცა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომი; 2007 – ნომის ლიტ. პრემია (იუკიო მისიმას ნაწარმოებების რუსულად თარგმნისათვის); 2009 იგი ამომავალი მზის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერი გახდა; ამავე წელს რუსეთისა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის იაპონიის მთავრობამ მიანიჭა სახელმწიფო პრემია.