ალაზნის ვაკე

ალაზნის ვაკე, ალაზნის ველი, მთათაშუა აკუმულაციური ვაკე აღმ. საქართველოში, კახეთის კავკასიონს, გომბორის ქედსა და ივრის ზეგანს შორის.

სიმაღლე ზ. დ. 200 – 470 მ-მდეა. აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული დანალექებით. ვაკე დახრილია სამხრ.-აღმ-კენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს მდ. ალაზანი. ა. ვ-ის სიგრძეა 160 კმ, მაქს. სიგანე – 35–37 კმ, მინ. – 5 კმ. კიდეები ამაღლებული და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით. აზერბ. ტერიტორიაზე ა. ვ-ის გაგრძელებაა აფთარანის ვაკე. ა. ვ. ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ორ ნაწილად იყოფა: მარჯვ. მხარედ (წინამხარი) და მარცხ. მხარედ (გაღმამხარი). ა. ვ-ზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 12 – 13ºC. ყველაზე ცივი თვის, იანვ. საშ. ტემპ-რაა 0,5 – 1,4ºC, თბილი თვის, აგვ. 23 – 24ºC. ზოგჯერ აბსოლ. მინ. ტემპ-რა არის - 23,‒25°C, აბსოლ. მაქს. 38 – 39ºC. ნალექები 700–1000 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისში მოდის, მინიმუმი – იანვარში. ხშირია სეტყვა. ვაკეს რწყავს მდ. ალაზანი და მისი შენაკადები, მდ-ები საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა – ზამთარში.

ა. ვ-ის ზოგი მდინარე ღვარცოფულია. ჭარბობს მდელოს ალუვიური უკარბონატო (გაღმამხარი) და მდელოს ალუვიური კარბონატული (წინამხარი) ნიადაგი. არის აგრეთვე შავმიწისებრი, დაჭაობებული, ბიცობიანი და დამლაშებული ნიადაგები. ა. ვ. ნაწილობრივ შემოსილია ვაკის ტყით, სადაც უმთავრესად გვხვდება მუხა, იფანი, ნეკერჩხალი, ალვის ხე, ბოყვი და სხვ. მდ. ალაზნის გასწვრივ ჭალის ტყეა. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპსა და სტეპებს უკავია.

ა. ვ. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საქართვ. ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლ. ტერიტორიაა. დიდი დასახლ. პუნქტები (ახმეტა, ნაფარეული, თელავი, გურჯაანი, ყვარელი, კარდანახი, წნორი, ლაგოდეხი და სხვ.) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონსა და გომბორის ქედის ძირას. ა. ვ-ზე ფართოდაა გავრცელებული - მევენახეობა.

ლ. მარუაშვილი