გოძიაშვილი ალექსანდრე (1897, სანქტ-პეტერბურგი, – 1941, ვარშავა), სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. 1916 დაამთავრა სამხ. სასწავლებელი. 1918-მდე მსახურობდა ბახჩისარაის საკავალერიო პოლკში, 1914–18 მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1918 ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1919–22 იყო პოლონ. ეროვნ. არმიის კავალერიის როტმისტრი. ვარშავის პოლიტ. მეცნიერებათა ინ-ტის დამთავრების შემდეგ ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიც. და საზ. მოღვაწეობას. იყო ჟურნ. „სინათლის ხმის" რედაქტორ-გამომცემელი. 1931–39 თავმჯდომარეობდა პოლონეთის ქართველთა კომიტეტს. 1926 გამოსცა საყურადღებო ნაშრომი „საქართველოს სახელმწიფოს ამოცანები საერთაშორისო სამართლის შუქზე". მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვა ქვეყნების ქართ. ემიგრაციასთან. დაკრძალულია ვარშავის სამხ. სასაფლაოზე. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრითა და პოლონეთის საბრძოლო ჯილდოებით.
ლიტ.: გ რ ი შ ი კ ა შ ვ ი ლ ი ა., ქართველები პოლონეთში, თბ., 2006.
ლ. ურუშაძე