ანიმალისტური ჟანრი (<ლათ. animal – ცხოველი), სახვითი ხელოვნების სახეობა – ცხოველთა გამოსახვა ფერწერაში, გრაფიკასა და ქანდაკებაში.
ანიმალისტურ თემატიკას ფართოდ იყენებდნენ პირველყოფილ ხელოვნებაში; პალეოლითის ეპოქაში შეიქმნა ცხოველების გამოსახულებანი, რ-ებიც მხატვართა დაკვირვების დიდ უნარზე მეტყველებენ. ძალზე ექსპრესიულადაა ასახული ცხოველები და ფრინველები ძვ. აღმოსავლეთის, აფრ., ამერ. და სხვა ქვეყნების ხალხ. ხელოვნებაში, ე. წ. ცხოველური სტილის ძეგლებში. ცხოველთა გამოსახულებანი ხშირია ანტ. ქანდაკებაში, ლარნაკების მოხატულობასა და მოზაიკურ მხატვრობაში. საკუთრივ ა. ჟ. წარმოიშვა ჩინეთში – ტანისა (VIII ს. – ხან ხუანი) და და სუნის (მუ-ცი, XIII ს.) ეპოქებში, ხოლო ევროპაში – XVII ს. ნიდერლანდსა (ა. კეიპი) და ფლანდრიაში (ფ. სნაიდერსი).
XVIII ს-იდან ა. ჟ. საფრანგეთში (ჟ. ბ. უდრი), რუსეთსა (ი. გროოტი) და სხვა ქვეყნებშიც გაჩნდა. XIX – XX სს-ში მოღვაწეობდნენ ცნობილი ანიმალისტები: ა. ბარი, კ. ტრუაიონი, ფ. პომპონი (საფრანგეთი), ჯ. ოდიუბონი (აშშ), პ. კლოდტი, ე. ლანსერე, ა. სოკოლოვი, ვ. სეროვი (რუსეთი). მნიშვნელოვანი ვ. ვატაგინისა და ი. ეფიმოვის ნაწარმოებები. ქართ. არქეოლ. ძეგლებში ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებანი გვხვდება ძვ. წ. II ათასწლ. შუა ხანიდან I ს-მდე. ცხოველური სტილი გამოსახვის ერთადერთი სფეროა ქართ. წარმართულ ხელოვნებაში; საგნები ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებებით წარმართული მღვდელთმსახურების რიტუალის აუცილებელი ატრიბუტი იყო. ამ სტილის გამოსახულებანი ამკობდა კოლხ. ცულებსა და სარტყლებს (დაახლ. ძვ. წ. X ს-იდან). მონუმ. ქანდაკებაში ა. ჟ-ის ნიმუშები გვხვდება ადრეული შუა საუკუნეებიდან (ბოლნისის სიონი, V ს. დასასრ.). ქართ. არქიტ. ძეგლებზე ხშირია რელიეფები ცხოველთა და ფრინველთა, ფანტასტიკურ არსებათა გამოსახულებებით;
შემორჩენილია აგრეთვე გვიანდ. შუა საუკუნეებში შექმნილი საფლავის ქვები ცხოველების სახეებით. საქართველოში დღემდე ერთადერთი ფერმწერი, რ-მაც მნიშვნელოვანი ანიმალისტური ნაწარმოებები შექმნა, არის ნ. ფიროსმანაშვილი. მხატვარმა საგანგებოდ გამოიყენა ეს თემა და განსაკუთრებული სითბოთი დახატა ცხოველები და ფრინველები, რ-ებიც ხშირად გარკვეული სიმბოლურ-მორალური აზრის მატარებელი არიან („შველი“, „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი დათვი“, „შავი ტახი“, „თეთრი ღორი გოჭებით“, „დათვი მთვარიან ღამეში“, „არწივს კურდღელი დაუჭერია“, ყველა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი). ქართვ. გრაფიკოსები შ. ცხადაძე, ე. ამბოკაძე, ვ. ბელეცკაია და სხვ. ა. ჟ-ს იყენებენ საბავშვო წიგნების ილუსტრირებისას. პირველი ქართვ. ანიმალისტი მოქანდაკის ი. პატარიძის ნამუშევრებიდან მნიშვნელოვანია „ვეფხვები“ და „გრიფონები“.
თანამედროვე მოქანდაკეთაგან აღსანიშნავია თ. ასათიანის, გ. კორძახიასა და სხვ. ანიმალისტური ქანდაკებები.
ლ. შანიძე