ანიმაცია

ანიმაცია (ლათ.: anaimation – გაცოცხლება), სინთეზური აუდიო-ვიზუალური ხელოვნება (კინოხელოვნების სახეობა).

ა-ს საფუძვლად უდევს მხატვრის მიერ შექმნილი და კინო და ვიდეოფირზე ან ციფრულ მატარებელზე დაფიქსირებული ბრტყელი და მოცულობითი გამოსახულებების ეკრანზე ამოძრავების („გაცოცხლების“) ოპტიკური ილუზია, რ-იც იქმნება მოძრაობის ფაზების თანმიმდევრული კადრობრივი გადაღების გზით. სხვადასხვა ქვეყნებში (მ. შ. სსრკ-ის ქვეყნებში და საქართველოში) წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო ტერმინი მულტიპლიკაცია (ლათ. multiplikacio – გამრავლება), რაც დაკავშირებული იყო ფილმების შექმნის ტექნოლოგიასთან. დღეს მსოფლიოში ფართო პროფესიული გამოყენება აქვს ტერმინს ა-ს ა. შეიძლება იყოს ნახატი (გრაფიკული, ფერწერული, სილუეტური, ბრტყელ მარიონეტებზე დაფუძნებული), მოცულობითი (თოჯინური, ბარელიეფური, სამგანზომილებიანი საგნების და ცოცხალი პერსონაჟების კადრობრივ გადაღებაზე დაფუძნებული) და კომპიუტერული. მხატვრული გამომსახველობის მისაღწევად გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკა და მასალა (პლასტელინი, თიხა, ქვიშა, ყავა და სხვ.). ა-ს საფუძველი ჩაეყარა კინემატოგრაფის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე. „ცოცხალი ნახატები“ სათავეს იღებს XIX ს-ში ევრ. მეცნიერების (ჟ. პლატო, ს. ფონ შტამფერი და სხვ.) გამოგონებათა საფუძველზე შექმნილი ოპტიკური სათამაშოებიდან (ფენაკისტისკოპი, სტრობოსკოპი და სხვ.). 1892 წ. 28 ოქტომბერს პარიზში, „გრევენის თეატრში“ თავისი პირველი გრაფიკული ფილმები აჩვენა გამომგონებელმა და მხატვარმა ე. რეინომ (მის პატივსაცემად 2002 წლიდან 28 ოქტომბერი აღინიშნება როგორც ა-ის საერთაშ. დღე). ა-ის, როგორც კინოხელოვნების სახეობის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებაში დიდი წვლილი მიუძღვით: ე. კოლს, პ. გრიმოს (საფრ.), ჯ. ს. ბლექტონს, უ. მაკეის, უ. დისნეის, მ. ფლეიშერს (აშშ), ვ. სტარევიჩს, ფ. ხიტრუკს, რ. კაჩანოვს, ი. ნორშტეინს, ა. ხრჟანოვსკის, ა. პეტროვს (რუსეთი), ნ. მაკლარენს (კანადა), ო. ტაძუკის (იაპონია) და სხვ. ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხანაში ა-მ კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.

საქართველოში XX ს. 20-იან წლებში ა-ს დოკუმენტური და სამცნ.-პოპულ. ფილმების ჩანართი დიაგრამებისა და ცხრილებისათვის, მოგვიანებით კი აგიტსიუჟეტებისთვის ქმნიდნენ. ამ დროიდან შემორჩა მხატვრული ფილმების, „ჩემი ბებიას“ (რეჟ. კ. მიქაბერიძე) და „საბას“ (რეჟ. მ. ჭიაურელი) ანიმაციური ეპიზოდები. 1936 გამოვიდა რეჟ. ვ. მუჯირისა და მხატვარ ლ. გუდიაშვილის ნახატი ფილმი „არგონავტები“ _ თანამედროვე ზღაპარი კოლხეთის ჭაობიანი ადგილების დამორჩილების შესახებ. 1937 საქართველოში მყოფი ფრანგი ჟურნალისტი პ. ვორმსი წერდა: „იმ დროს, როდესაც მსოფლიო გატაცებულია უ. დისნეის ფილმებით, პატარა საქართველოს კინემატოგრაფია ქმნის თავის დამოუკიდებელ და სხვათა გავლენისაგან თავისუფალ ნახატი ფილმის ხელოვნებას“. მაგრამ „სოციალისტური რეალიზმის“ მეთოდმა და „ფორმალიზმთან“ ბრძოლამ დიდი ხნით დააბრკოლა განვითარება. XX ს. 50-იანი წლების II ნახ. ქართ. ა-ის აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვით ა. ხინთიბიძეს („ჩხიკვთა ქორწილი“, 1957; „წუნა და წრუწუნა“, 1959; „მტრობა“, 1961) და ვ. ბახტაძეს (სერია „ხელმარჯვე ოსტატი“, 1957_80). 70-იანის დასაწყისში ანიმაციური კინოს რეჟისურაში მოვიდნენ მხატვარ-ანიმატორები: მ. ბახანოვი („რაანინა“, 1974), შ. ჭავჭავაძე („ჯადოსნური ცრემლი“, 1978; „ნიუტონის ვაშლი“, 1980; „ჭრელი პეპელა“, 1981), ბ. შოშიტაიშვილი („კაცუნები“, 1978; „ტუსაღი“, 1984; „ალიყური“, 1989), ი. დოიაშვილი („ოპტიმისტი“, 1972; „ბუმბული“, „ოპტიმისტური მინიატიურა“, ორივე – 1978; „ღამურა“, 1981), ი. სამსონაძე („ბრძენი და ვირი“, 1978), გ. კასრაძე („ქარიშხალი ზღვაზე“, 1976; „კომბლე“, 1979), გ. კასრაძე („უკანასკნელი წვეთი“, 1977; „საიდუმლო“, 1980), მხატვართა ჯგუფი „სამეული“ (ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი. ჩიკვაიძე; „კონკურენცია“, 1970; „სად არის ჩემი სავანა?“, 1975), რ-ებმაც სახვითი ენის განახლების, ახალ ტექნოლოგიათა ათვისების გზით წარმართეს ძიება, უპირატესობა მიანიჭეს რედუცირებულ ა-ს. ჩამოყალიბდა სხვადასხვა თემატური და ჟანრული ტენდენციები, ანეკდოტის, ყოფითი და ფილოსოფიური იგავის, იგავ-არაკის გვერდით ფეხს იკიდებდა ლირიკული, ჯადოსნური და ფილოს. ზღაპარი, შეიქმნა მუს. ანიმაციური ფილმები („მგელი და კრავი“, რეჟ. გოგი და გივი კასრაძეები, 1981; „ტყის კვარტეტი“, რეჟ. მ. სარალიძე, 1984). ფერწერული და გრაფიკული გამომსახველობის სხვადასხვა ხერხებით გაამდიდრეს ანიმაციური კინო მხატვრებმა ზ. ნიჟარაძემ და მ. მალაზონიამ; ანიმაციური ფილმებისთვის სცენარები დაწერეს კინორეჟისორმა მ. კობახიძემ, ი. კვირიკაძემ, რ. ესაძემ.

80-იანელთა თაობამ _ დ. თაყაიშვილმა („ყორანი“, 1981; „ბაბილინა“, 1985), დ. სიხარულიძემ („გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“, 1984; „ჯან, ბაბაჯან!“, 1986), ლ. სულაქველიძემ („მიწა თავისას მოითხოვს“, 1983; „დიდი ტალღა და პატარა ტალღა“, 1984; „მეფე და ჩიტი“, 1985), ლ. ჭყონიამ („ჟანგიანი რაინდი“, 1984; „ბო-ბო“, 1986) _ ა-ის ხელოვნებისადმი არსებითად განსხვავებული დამოკიდებულებით წარმართეს მხატვრული ძიება. მათ შექმნეს ქართულ სამყაროში დაბადებული პერსონაჟები, გადმოსცეს დროის სულიერი განწყობილება, გაამდიდრეს პოეტიკა, გააფართოვეს ესთეტიკური ჰორიზონტები. 1992-იდან, ფინანსური სირთულეების გამო, ანიმაციური ფილმების წარმოება თითქმის შეჩერდა. 2000-იდან მუშაობა განახლდა უკვე დამოუკიდებელ სტუდიებში. სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით და კერძო დაფინანსებით შეიქმნა ნახატი სერიალი „კვაჭის თავგადასავალი“ (რეჟ დ. სიხარულიძე, 2005), პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ნახატი ფილმი „წმინდა მელა“ (რეჟ. შ. ჭავჭავაძე, 2005), 3D ფორმატის პირველი ფილმი „გავარდნილები“ (რეჟ. დ. სიხარულიძე, 2008), სერია „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები“ (2007–09), „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“ (რეჟ. მ. კანდელაკი, 2014), „ფრანი“ (რეჟ. ვ. სულაქველიძე, 2017). თავისი პირველი ფილმები გადაიღეს ახალგაზრდა რეჟისორებმა: ს. ქათამაძემ („ბებო“, 2013), მ. ტყეშელაშვილმა („მეთევზე და გოგონა“, 2018), ა. ჩუბინიძემ („ჯიბის კაცი“, 2017), დ. კიკნაველიძემ („ჰორიზონტი“, 2018), ნ. ნიკოლაშვილმა („ლილე“, 2018) და სხვ.

 

მ. კერესელიძე