ანწუხელიძე გიორგი ზაურის ძე (8. VIII. 1984, სოფ. ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, – 8. VIII. 2008, ცხინვალი, დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე), საქართველოს ეროვნული გმირი (წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ 2013).
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხ. მოსამსახურე, 2004 მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში. 2005–2006 მსახურობდა II ქვეითი ბრიგადის, 21-ე ბატალიონში.
2005 წ. 10 სექტ-იდან 2006 წ. 26 აპრ-მდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. 2008 წ. 17 აპრ-იდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა. იყო IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდა. ოსი სეპარატისტები მისგან დაჟინებით მოითხოვდნენ საქართველოს დროშაზე ფეხის დაბიჯებას, რაც მან არ გააკეთა, რის გამოც იგი სასტიკი წამებით მოკლეს.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (2009) და მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ (2011). 2013 წ. 2 ნოემბ. „თუშების სადროშომ“ ა-ს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. 2013 სოფ. ალვანში გაიხსნა ა-ის მემორიალი. 2013 ა-ის სახელი მიენიჭა საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სერჟანტთა მომზადების ცენტრს (2018-იდან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია).