ანჯაფარიძე ზურაბ ივანეს ძე

ზ. ანჯაფარიძე

ანჯაფარიძე ზურაბ ივანეს ძე (12. IV. 1928, ქუთაისი, 12. IV. 1997, თბილისი), მომღერალი (დრამ. ტენორი). საქართვ. (1961) და სსრკ სახ. არტისტის (1966). ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1971).

1952 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი). 1952–59 და 1970-იდან სიცოცხლის ბოლომდე თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი. 1959–70 წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე.

1979–82 ა. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი იყო. 1972-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, 1976-იდან საქართვ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის მუს. დისციპლინების კათედრის გამგე, პროფესორი (1983). სასიამოვნო ტემბრის ხმა, უშუალობა, მაღალი არტისტიზმი და ვოკალურ-სცენური ოსტატობა, ეროვნ. ინტონაციის უტყუარი გრძნობა ა-ს ქართ. ვოკალური სკოლის საუკეთესო წარმომადგენელთა რიგებში აყენებს. ა. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ეროვნ. რეპერტუარის შექმნის საქმეს.

იგი სსრკ დიდ თეატრში მოღვაწეობის დროსაც აქტიურად მონაწილეობდა თბილისში ქართ. ოპერების დადგმებში. ეროვნ. ტემპერამენტი განსაკუთრებულ ორიგინალობას ანიჭებდა მის მიერ შესრულებულ პარტიებს რუს. და დას. ევრ. ოპერებში. პარტიები: აბესალომი, მალხაზი, რატი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), მინდია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), ბაში-აჩუკი (ა. კერესელიძის „ბაში-აჩუკი“), პუშკინი და ერისთავი (დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“), არსენა (ა. ბუკიას „არსენა“), ბერდო (რ. ლაღიძის „ლელა“), მოხუცი (გ. ყანჩელის „და არს მუსკია“), გერმანი, ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, „იოლანტა“), გრიშკა ოტრეპიევი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), რადამესი, დონ კარლოსი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის „აიდა“, „დონ კარლოსი“, „რიგოლეტო“, „ოტელო“), კავარადოსი (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), ფაუსტი (შ. გუნოს „ფაუსტი“) და სხვ.

აღსანიშნავია ა-ის როგორც დამდგმელი რეჟისორის მოღვაწეობაც. მან ქუთ. საოპერო თეატრში დადგა ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ (1979), რ. ლაღიძის „ლელა“ (1981) და ზ. ფალიაშვილის „დაისი“ (1988). ა-მ „დაისი“ დადგა აგრეთვე თბილისისა (1977) და ერევნის (1984) საოპერო თეატრების სცენაზე (ორივე დადგმა ა. წუწუნავას რეჟისურით).

ვრცელი კამერული და საოპერო რეპერტუარით შემოვლილი აქვს ყოფ. სსრკ ქ-ები და საზღვარგარეთის ქვეყნები (რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, კანადა, საბერძნეთი და სხვ.).

დიდ თეატრთან ერთად წარმატებით გამოვიდა მილანში თეატრის ლა სკალას სცენაზე (გერმანი – პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“). ა-მ გაახმოვანა გერმანისა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში „პიკის ქალი“ და „იოლანტა“. მონაწილეობდა კინოოპერების „აბესალომ და ეთერისა“ და „დაისის“ შექმნაში.

დაკრძალულია თბ. ოპერისა და ბალეტის, თეატრის სკვერში, საფლავზე დადებულია ა-ის ბიუსტი.

ა. წულუკიძე