გოხნარის ლოდოვანი, ციკლოპურ ნაგებობათა ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსი საქართველოში, მდ. ალგეთის ხეობაში, სოფ. გოხნარის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მახლობლად. შედგება 3 ძირითადი ნაწილისაგან: ნაპრალგვირაბებიანი ქვაყრილის (კარკალი), ნასოფლარისა და ციხისაგან. გ. ლ-ის ტერიტორიაზე არის რამდენიმე დოლმენისებური ნაგებობა, გვირაბები, გამაგრებული და დახურული ბუნებრივი ნაპრალები, მენჰირები და სხვ. ცენტრში აღმართულია უზარმაზარი ქვასვეტი – მონოლითი. ციხე გეგმით ოთხკუთხაა. განსაკუთრებით გრანდიოზულია ზღუდის აღმ. კედელი. სამხრ. კედელში ცილინდრული კოშკებია. სავარაუდოდ, გ. ლ. ადრინდ. ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება.
ლიტ.: მ ე ლ ი ქ ს ე თ - ბ ე გ ი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938; ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ი., ქართული არქიტექტურის ისტორია, თბ., 1955.
ი. გაგოშიძე
გ. გაფრინდაშვილი