აბაშიძე ვასილ (ვასო) ალექსის ძე

ვ. აბაშიძე.

აბაშიძე ვასილ (ვასო) ალექსის ძე [22. XI (4. XII). 1854, დუშეთი, – 9. X. 1926, თბილისი], მსახიობი. ქართ. რეალისტური აქტიორული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ვ. აბაშიძე. აკოპა. ფილმი „ხანუმა“

საქართველოს პირველი სახ. არტისტი (1922). თავდაპირველად სწავლობდა თბილ., მერე ქუთ. გიმნაზიაში, რ-ის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისში (1872–77), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877–79). გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ა. სუმბათაშვილსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად), შემდეგ – ქუთ. სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1879-იდან კი, როდესაც მუდმივი ქართ. თეატრი აღადგინეს, პროფესიონალი მსახიობი გახდა. ა. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეთა წრეში იზრდებოდა და ადრევე ეზიარა დემოკრ. იდეებს. ხშირად გამოდიოდა დაბებისა და სოფლების მუშათა სახ. თეატრების სცენაზე: მისი აზრით, მსახიობი მოწინავე საზ. იდეების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, თეატრს კი რეალიზმისა და „განცდის ხელოვნების“ გზით ევლო (იხ. მისი სტ. „მოკლე ცნობები დრამატული ხელოვნების შესახებ“, გაზ. „ივერია“, 1894, Nº 171, 172). შექმნა მრავალი კოლორიტული სახე: კუმუხტოვი, თრადტოვი, დაბაღოვი (გ. ერისთავის „დავა“, „გაყრა“, „ძუნწი“), გეურქა (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ!“, „ხანუმა“, „ციმბირელი“, „ბაიყუში“, „მათიკო“, „ჭკუისა მჭირს“), საქო (ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“), ზიმზიმოვი, ისაია (გ. სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“), ბესო (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“). გრუშნევსკი (ტ. რამიშვილის „მეზობლები“); კლასიკური რეპერტუარიდან - ფამუსოვი (ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), ხლესტაკოვი, გოროდნიჩი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ბელოგუბოვი, შმაგა (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“, „უდანაშაულო დამნაშავენი“), სკაპენი, ორგონი (მოლიერის „სკაპენის ოინები“, „ტარტიუფი“), ფიგარო (პ. ბომარშეს „სევილიელი დალაქი“) და სხვ. მონაწილეობდა ოპერეტებში: შ. ლეკოკის „რაინდი უშიშარი და გულმართალი“ (ლარგი), უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ-მალალან“ (ასკარი) და სხვ. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. დაწერა რამდენიმე პიესა, თარგმნა და გადააკეთა მრავალი კომედია, ვოდევილი და ოპერეტა. 1885 დააარსა გაზეთი „თეატრი“. შეადგინა და გამოსცა პიესებისა და საესტრადო მასალების კრებულები („ჩანგი“, თბ., 1888, 1892; ოზურგეთი, 1892; ფოთი, 1893; ბათუმი, 1900). ა. ქართული თეატრის ისტორიაში, უპირველეს ყოვლისა, შევიდა როგორც დიდოსტატი კომიკოსი მსახიობი. მან 500-ზე მეტი პერსონაჟი აამეტყველა ქართ. სცენაზე. გამოირჩეოდა აქტიორული ინდივიდუალობით, გარდასახვის ნიჭით, დახვეწილი მეტყველებითა და პლასტიკით, მკაფიო დიქციითა და ინტონაციური მრავალფეროვნებით, ჟესტისა და მიმიკის ოსტატურად გამოყენებით, აგრეთვე მუსიკალობითა და სიმღერის უნარით, რაც ერწყმოდა მსახიობის განსწავლულობას, მახვილ თვალს, დახვეწილ გემოვნებასა და ზომიერების გრძნობას. გადაღებულია შემდეგ კინოფილმებში: ქრისტინე (რეჟ. ა. წუწუნავა, 1918), არსენა ჯორჯიაშვილი (რეჟ. ი. პერესტიანი, 1921), ხანუმა (რეჟ. ა. წუწუნავა, 1926) და სხვ.

ა-ის სახელი ეწოდა თბილ. მუს. კომედიის თეატრს (1947).

ლიტ.: ვასილ ალექსის ძე აბაშიძე. 25 წლის სასცენო მოღვაწეობის სახსოვრად, ტფ., 1902; ვასო აბაშიძის ოცდახუთი წლის ქართულ სცენაზე მოღვაწეობის სახსოვრად, ქუთ., 1902; ზურაბიშვილი ი., ოთხი პორტრეტი, თბ., 1948; ფაღავა ა., ვასო აბაშიძე, თბ., 1954; ჯანელიძე დ., ვასო აბაშიძე,  წგნ.: სახიობა, [ტ.] 1, თბ., 1958.