აბაზური ენა, იბერიულ-კავკასიურ ენათა აფხაზურ-ადიღური ანუ ჩრდილო-დასავლური ჯგუფის ენა. ა. ე-სა და აფხაზურ ენას ხშირად ერთ ენობრივ ერთეულად მიიჩნევენ, მაგრამ ტერიტ. გათიშულობისა და სხვადასხვა დიალექტური საფუძვლის გამო აბაზური სალიტ. ენა გამიჯნულია აფხ. სალიტ. ენისაგან. ა. ე. გავრცელებულია ძირითადად ყარაჩაი-ჩერქეზეთში. აქვს 2 დიალექტი: ტაპანთური (ტაფობისა, ველისა), რ-ზედაც ლაპარაკობს უმრავლესობა, და აშხარული (მთისა). დიალექტებს შორის სხვაობა უპირატესად ფონეტიკურია, რასაც ზოგჯერ მორფოლ. სფეროშიაც მოჰყვება ხოლმე განსხვავებები (მაგ., ზმნის დროთა წარმოებაში). მნიშვნელოვანი ფონეტიკური სხვაობაა კილოკავებსა და თქმებშიაც. აფხ. ენასთან შედარებით ა. ე-ს ზოგჯერ უკეთ აქვს დაცული ამოსავალი ფონეტ. სტურქტურა (მაგ., ლარინგალებისა და ფარინგალების მხრივ), ზოგჯერ კი საერთო ამოსავალი ფონეტ. სისტემა მოშლილია. ა. ე-ის მორფოლ. წყობა არსებითად ისეთივეა, როგორც აფხაზური ენისა. ზოგი სხვაობა თავს იჩენს სახელის გაფორმებაში (განსაზღვრულობა – განუსაზღვრელობა, ე. წ. ბრუნვის ფორმათა წარმოება, თანდებულთა სისტემა და სხვ.). ა. ე-ზე (განსაკუთრებით მის ტაპანთურ დიალექტზე), კერძოდ, ლექსიკაზე, სიტყვათწარმოებასა და ფრაზეოლოგიაზე საგრძნობი გავლენა მოუხდენია ადიღ. ენებს. აბაზურ სალიტ. ენას საფუძვლად უდევს ტაპანთური დიალექტის ყუბინა-ელბურგანის კილოკავი (ე. წ. შიშინა ვარიანტი). ა. ე-ის დამწერლობა შეიქმნა 1932 ლათ. გრაფიკის საფუძველზე. 1938-იდან ეფუძნება რუს. გრაფიკას.
ლიტ.: ლომთათიძე ქ., აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი (ტექსტებითურთ), თბ., 1944; მისივე, აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტთა შორის (ტექსტებითურთ), თბ., 1954; მისივე, აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი, ტ. 1-ფონოლოგიური სისტემა და ფონეტიკური პროცესები, თბ., 1976; მისივე, ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი და მათი გაფორმება აფხაზურსა და აბაზურში, თბ., 1981; მისივე, Абазинский язык, წგნ.: Языки народов СССР, т. 4. М., 1967 (ბიბლიოგრ.).
ქ. ლომთათიძე