ამირეჯიბი ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე (18. XI. 1921, თბილისი, – 12. XII. 2013, იქვე), მწერალი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის (1992), საქართვ. სახელმწიფო პრემიის (1998) ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2001).
1941 შევიდა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტზე. ერთი წლის შემდეგ გადავიდა ფილოლ. ფაკ-ტზე.
1943 საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებისათვის დააპატიმრეს.
1959 დაბრუნდა საქართველოში. აქედან დაიწყო მისი ლიტ. და საზ. მოღვაწეობა. 1983–89 იყო დოკუმენტური ფილმების სტუდიის „მემატიანეს“ დირექტორი, 1989-იდან – ქართ.-ამერიკული ერთობლივი კინოსაწარმო „ისარის“ გენ. დირექტორი, 1991–95 – საქართვ. პარლამენტის წევრი.
სამწერლო ასპარეზზე 1960-იდან გამოვიდა. პირველი მოთხრობა „რატომ არ დამაცადე“ 1960 გამოაქვეყნა ჟურნ. „მნათობში“ (№ 1), მოთხრობათა პირველი კრებ. „გზა“ – 1962. ა. ავტორია მოთხრობებისა: „ჩემი მეჯღანე ბიძა“ (1963), „ხარის აღსარება“ (1964); მოთხრობათა კრებულისა „ძია შოთას ბადია“, ნოველისა „გიორგი ბურდული“ (ორივე 1965), არაკებისა „თაფლის წვეთი“ (1968), კრიტ.-პუბლიც. წერილებისა, სცენარებისა, სტატიებისა კინემატოგრაფიის საკითხებზე და სხვ.; რომანებისა: „დათა თუთაშხია“ (წგ. 1–2, დაიწერა 1973–75; დაიბეჭდა 1986), „გორა მბორგალი“ (დაიწერა 1984–94, დაიბეჭდა 1995), „გიორგი ბრწყინვალე“ (2003).
რომანმა „დათა თუთაშხიამ“ ა. ერთბაშად ჩააყენა საუკეთესო ქართვ. მწერალთა რიგში. უმდიდრესი და მრავალფეროვანი მასალა სწორედ სამშობლოსგან იძულებითმა მოწყვეტამ შესძინა. ესაა სამართლიანობის, ადამიანობის, მაღალი ზნეობისა და მოყვასისთვის თავგანწირვის მაღალი იდეალების შესანიშნავი მხატვრული განსახიერება. რომანის მხატვრულ რეალობას XIX ს. მიწურულისა და XX ს. დასაწყ. ისტ. სინამდვილე განსაზღვრავს, მაგრამ წიგნი არ არის ისტ. ჟანრის ნაწარმოები ამ სიტყვის კანონიკური მნიშვნელობით. მასში ისტ. სინამდვილე კი არაა მხატვრულად აღდგენილი, არამედ ისტორიის წარმმართველი ხასიათია წარმოჩენილი. ამავე დროს, ეს არის ხაზგასმით თანამედროვე ნაწარმოები, რ-შიც მთავარია ჩვენი თანამედროვეობისა და თანამედროვის უმწვავესი ზნეობრივი პრობლემები. ამ რთული რომანის ჟანრობრივად რომელიმე სახეობისადმი მიკუთვნება არ ხერხდება. თავისი მნიშვნელობით იგი სცილდება ქართ. რომანის ტრად. ფარგლებს. მხატვრული ტექსტის ამბივალენტობა, პარაბოლური სტილი, ტექსტის მითოლოგირება ზედროულ მნიშვნელობას ანიჭებს რომანს. ნაწარმოების პროტაგონისტის დათა თუთაშხიას პროტოტიპიც ჩვენი თანამედროვეა, ტრაგიკულ გარემოებათა გამო გააბრაგებული კაცი. კონკრ. პიროვნების ბედი რომანისტისთვის იქცა უდიდესი განზოგადების საფუძვლად – თავისუფალი პიროვნების მიერ სამართლიანობის არსის ძიების, ბოროტისა და კეთილის დაპირისპირების, სიყვარულით ბოროტების დამარცხების ჩვენების საწყის ბიძგად. დათა იმედია მაშვრალთათვის, ამიტომაა სწორედ, რომ მისი დაღუპვა მითის დაბადებად იქცევა – მითისა მარად ცოცხალ, სამართლიან, სხვათათვის თავშეწირულ გმირზე, რ-იც არ დაღუპულა და ისევ მოევლინება ხალხს. განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა წიგნს რომანის ორი მთავარი გმირის – დათა თუთაშხიასა და მუშნი ზარანდიას მკვეთრმა, კოლორიტულმა სახეებმა. მათ ორთაბრძოლაში კეთილისა და ბოროტის მარადიული დაპირისპირების მთელი ტრაგიზმია წარმოჩენილი. დათა თუთაშხია ძლიერი, გონიერი, რომანტ. და აქტიურად მოქმედი პიროვნებაა, მისი ინტერესების სფერო დიდია, ხასიათი – ემოციურად მრავალფერი. თანამედროვე ხელოვნების გმირთა ფონზე იგი კონტრასტულად გამოირჩევა სწორედ თავისი იდეალური სულიერი სიმაღლისა და მოქმედების დაუოკებელი პათოსის გამო. ძლიერი პიროვნებაა მუშნი ზარანდიაც. ზოგი შემფასებლის აზრით, იგი უფრო ტრაგიკულია, ვიდრე დათა თუთაშხია.
ა-მა თანამედროვე ქართ. რომანში დააკვიდრა პარაბოლური სტილი; სეთურის სახე და შესაბამისი ეპიზოდი ჩვენში დიქტატორული ეპოქის, მისი მმართველობის მოდელის მძაფრი კრიტიკაა. რომანი დაწერილია შესანიშნავი ენით, გმირთა ენობრივი დახასიათებანი ზუსტია და შთამბეჭდავი.
ჭაბუა ამირეჯიბი კითხულობს ფინალს საკუთარი რომანიდან „დათა თუთაშხია“. ჩაწერილია 1977 წელს: https://www.youtube.com/watch?v=bbOigBXuMLY
1978 რომანის მიხედვით, ავტორისავე სცენარით, რეჟისორებმა გ. ლორთქიფანიძემ და გ. გაბესკირიამ გადაიღეს შვიდსერიიანი მხატვრული სატელევიზიო ფილმი (ქართ. და რუს. ვარიანტი), რ-იც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1981 ფილმის დამდგმელ კოლექტივს და სცენარის ავტორს – ა-ს მიენიჭათ სსრკ სახელმწ. პრემია. „დათა თუთაშხია“ ითარგმნა და რამდენჯერმე გამოიცა რუს. ენაზე (თარგმნა ავტორმა), ინგლ., ესპანურ, ჩეხურ, სლოვაკურ, ბელგიურ, ფინურ, შვედურ, პოლონურ, რუმინულ, დანიურ, უნგრულ, ესტონურ, სომხურ, უკრაინულ, უზბეკურ, ლატვიურ, აფხაზურ და სხვა ენებზე. ა-ის ისტ. რომანის „კრონის“ ნაწყვეტები გამოქვეყნდა ჟურნ. „ჭოროხში“ და გაზ. „ლიტერატურულ საქართველოში“ 1981.
2010 ა. ბერად აღიკვეცა დავითის სახელით. 2009 მიენიჭა ლიტ. პრემია „საბა“.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები: ღირსების ორდენი (2001), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (2002), წმ. გიორგის ოქროს ორდენი (2009).
ა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
თხზ.: დათა თუთაშხია, [გამოც. მე-2], თბ., 1986; გორა მბორგალი, თბ., 1995; თხზულებები 7 ტომად, თბ., 2001.
ლიტ.: ბაქრაძე ა., სამი მწერალი, მნათობი, 2000, N3-4; ბარდაველიძე ბ., ზნეობისა და სიკეთის გმირი, მნათობი, თბ.,1976, N5; ბენაშვილი გ., არაბესკები, ლიტერატურული ძიებანი, თბ., 2002, ტ.23; გაჩეჩილაძე გ., ონტოლოგიური შიშის რაინდი, წგ.: სულიერი გამოცდილების სამყაროში, თბ., 1986; თევზაძე დ., რომანი დაუმორჩილებელ ქართულ სულზე, ლიტერატურული ძიებანი, თბ., 2000, ტ. XXI; იმედაშვილი გ., დათა თუთაშხია, «ცისკარი», 1974, № 6; იმედაშვილი კ., მხმობი, წგ.: მიჯნა, თბ., 1987.
კ. იმედაშვილი