აბელიშვილი ლევან გრიგოლის ძე

ლ. აბელიშვილი

აბელიშვილი ლევან გრიგოლის ძე [3 (16). IV. 1909, თბილისი, – 16. III. 1974, იქვე], ელექტროტექნიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1961). ტექ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1967). იყო ქართ. ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

1931 დაამთავრა ამიერკავკ. ენერგეტ. ინ-ტი. იყო რკინიგზის ტრანსპ. ელექტრული წევის პიონერი საქართველოში. მისი შრომები ეხება წევის ეფექტიანობასა და გაანგარიშებას, რკინიგზების გატარების უნარს, მოძრავი შედგენილობისა და ელექტრომომარაგების სისტემათა თეორიას, აგრეთვე ელექტრორკინიგზების იძულებითი რეჟიმების გამოკვლევას ძაბვის საშ. ვარდნათა ეპიურების მეთოდით ყველა ელემენტის ურთიერთმოქმედებისას, წევის ძრავების სითბურ გაანგარიშებასა და გამოცდას, საკონტაქტო სადენების გახურების თეორიას, გრძელ მატარებელთა წონის ინერციულ გაანგარიშებას და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Расчеты элементов внутреннего энергоснабжения электрических железных дорог методом эпюр средних нагрузок, «Труды Тбил. ин-та ж.-д. транспорта», 1950, в. 22; Эпюры средних падений напряжения при изменяющемся сечении проводов тяговой сети, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1968, ტ. 51, Nº 2 (თანაავტ.: Т. А. Маглакелидзе).

ლ. ტრაპაიძე