ამასიის ზავი, ირანსა და ოსმალეთს შორის 1555 წ. 29 მაისს ქ. ამასიაში (თურქეთი) დადებული ზავი.
ამ ზავით დამთავრდა ირან-ოსმ. ხანგრძლივი ომი (1514–55). საზავო მოლაპარაკება დაიწყო 1554. ორივე მხარე თანახმა იყო ზავის დადებაზე. ქართლის მეფე ლუარსაბ I და იმერეთის მეფე ბაგრატ III ყოველნაირად ცდილობდნენ დაზავების ჩაშლას, მაგრამ უშედეგოდ. ა. ზ-ით ირანს ერგო ჩრდ. და სამხრ. აზერბაიჯანი, აღმ. სომხეთი, აღმ. ქურთისტანი, ქართლისა და კახეთის სამეფოები, სამცხე-საათაბაგოს აღმ. ნაწილი; ოსმალეთს – არაბეთის ერაყი, ქურთისტანის დას. ნაწილი, სომხეთის დას. ნაწილი (ვანის ტბის რ-ნი), იმერეთის სამეფო გურია-სამეგრელოს სამთავროებითურთ, სამცხე-საათაბაგოს დას. ნაწილი (ტაო, შავშეთი, კლარჯეთი). ყარსის ოლქი მიჩნეულ იქნა ნეიტრალურ ზონად, ყარსის ციხესიმაგრე დაანგრიეს. ა. ზ-მა საფუძველი ჩაუყარა ირან-ოსმ. ზავებს XVI–XVII სს-ში. ეს ზავი აღრმავებდა საქართველოს ფეოდ. დაშლილობას.
წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925 [ტ.] 2; ისქანდერუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; მისივე, საქართველო XI–XVIII საუკუნეებში, იქვე წგ. 6, თბ., 1973; გაბაშვილი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI – XVII სს.), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; მისივე, ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII სს-ში, თბ., 1958; კაციტაძე დ., XVI–XVII საუკუნეთა სპარსული დოკუმენტური წყაროები საქართველოს ისტორიისათვის, «კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული», 1962, [ტ.] 2; სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII სს., თბ., 1971; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.
დ. კაციტაძე