აბო თბილელი (დაახლ. 757 – 6. I. 786), ქრისტიანობისათვის წამებული არაბი.
ნერსე II-ის ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო. ნერსესთან ერთად ქართლში დაბრუნებულ აბოს არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობას დაბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. ამის გამო თავი მოჰკვეთეს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეა 8(21) იანვარი. მიჩნეული იყო თბილისის მფარველად. ა. თ-ის მოწამეობა აღწერა VIII ს. მწერალმა იოანე საბანისძემ.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
ა. ბოგვერაძე