აბსტრაქტული ხელოვნება, აბსტრაქციონიზმი, უსაგნო ხელოვნება, ნონფიგურაციული ხელოვნება, მიმდინარეობა XX ს. ხელოვნებაში, რ-იც უარყოფს ფერწერაში, ქანდაკებასა და გრაფიკაში ხილული სამყაროს რეალობის ასახვას და მიმართავს ავტონ. ფორმათაქმნის პრინციპს.
აბსტრაქციონიზმისათვის დამახასიათებელია ანტიილუზორული, სპეციფიკურად „იმანენტური“ შეფარდება-შეხამებანი „პირველადი“ ფორმისეული საწყისებისა (ფერი, ხაზი, ლაქა, მოცულობა). მიმდინარეობა ფართოდ გავრცელდა ამერიკასა და ევროპაში. მისი განშტოებებია: ნეოპლასტიციზმი, სუპრემატიზმი, ორფიზმი, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი და სხვ. ა. ხ-ის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან: ვ. კანდინსკი (გერმანია), რ. დელონე (საფრანგეთი), კ. მალევიჩი, მ. ლარიონოვი (რუსეთი), პ. მონდრიანი (ნიდერლანდი), ა. არხიპენკო (უკრაინა), კ. ბრინკუში (რუმინეთი, ორივე მოღვაწეობდა პარიზში), ფ. პიკაბია (ესპანეთი), ფ. კუპა (ჩეხოსლოვაკია), ჯ. პოლოკი (აშშ) და სხვ.
საქართველოში ა. ხ-ის სპეციფიკურ ელემენტებს იყენებდა დ. კაკაბაძე. 50-იან წლებში ქართ. მხატვრობაში აღორძინდა ინტერესი ა. ხ-ის მიმართ, 80-იან წლებში ეს ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდა. 1987 მოსკოვსა და თბილისში მოეწყო ქართვ. აბსტრაქციონისტების გამოფენა, რ-შიც მონაწილეობდნენ ა. ბანძელაძე, გ. და ი. ზაუტაშვილები, გ. ეძგვერაძე, გ. მგალობლიშვილი, დ. ლასარეიშვილი.
1989 ქართვ. აბსტრაქციონისტთა გამოფენა მოეწყო გერმანიასა და საფრანგეთში, 1990–შვეიცარიასა და აშშ-ში. ქართვ. მხატვრები მონაწილეობდნენ აგრეთვე ჯგუფურ გამოფენებში (1989, რუსეთი და სხვ.).