ანჩაბაძეები (აფხაზურად: ა ჩ ა ა , მხ. რ. ა ჩ ბ ა ), ფეოდალური საგვარეულო აფხაზეთში.
აფხაზური გადმოცემით, ა. აფხ. უძველესი მმართველები იყვნენ, ისინი ხშირად იხსენიებიან თქმულებათა ციკლში „აფსჰა“ („აფხაზთა მეუფე“), რ-შიც ასახული უნდა იყოს მოგონებები აფხაზთა სამეფოზე. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ადრინდ. შუა საუკუნეების აფხაზი მთავრები და შემდეგ მეფეები ა-თა საგვარეულოდან იყვნენ. შესაძლებელია, აფხაზთა სამეფო ტახტზე ბაგრატ III-ის ასვლის შემდეგ (978) ა. ერთხანს კიდევ განაგებდნენ აფხაზეთს, როგორც მისი ერისთავები, მაგრამ XI ან XII ს-ში ერისთავობაც დაკარგეს. იგი შარვაშიძეთა ხელში გადავიდა. ა. სხვა აფხაზ ფეოდალების მსგავსად, ერთიანი საქართველოს ფეოდ. ფენის ორგანულ ნაწილს შეადგენდნენ.
წერილობით წყაროებში ა-თა გვარი პირველად მოიხსენიება XV ს. ბოლოს, იმერეთის მეფის, ალექსანდრე II-ის სიგელში. ადრინდ. დოკუმენტებში ეს გვარსახელი სხვადასხვა ფორმით გვხვდება: ამჩაბაძე, ანჩაფაძე, ანჩფისძე, ანჩაფაიძე, ანჩაბაძე. ა. კასტელის ალბომში წარმოდგენილია აფხაზი სარდალი აჩაბაია, რაც გვარსახელის მეგრ. ფორმა უნდა იყოს (თანამედროვე მეგრულში _ ანჩბაია).
ა. აქტიურად მონაწილეობდნენ დას. საქართვ. პოლიტ. ცხოვრებაში. XVII ს. შუა წლებში ერთ-ერთი მათგანი ქართლის მეფის როსტომის კარზე ჩანს, სადაც მას „გიორგი აფხაზს “ უწოდებდნენ.
XVIII-XIX სს-ში თავადი ა-თა გვარი რამდენიმე შტოდ იყო დაყოფილი. ისინი, ფლობდნენ მიწებს აფხაზეთის რეგიონებში (ბზიფი, გუმა, აბჟუა, სამურზაყანო, საძენი). პოლიტიკურად ისინი შარვაშიძეების ვასალები იყვნენ, თუმცა ხშირად ეურჩებოდნენ მთავრებს. ა. ებრძოდნენ აგრეთვე ოდიშის მთავარს, ლევან V დადიანს, რ-იც 1813-40 სამურზაყანოს ფლობდა. მუჰაჯირობის დროს ბევრი ანჩაბაძე ოსმალეთში გადასახლდა.
მიჩნეულია, ა-თან საერთო წარმოშობით არიან და ჩრდ. კავკ. ზოგიერთი არისტოკრატული საგვარეულო, კერძოდ, ჩერქეზული გვარი ანჩოყო და აბაზა თავადები ლოუ, რ-თა ა-თან ორივე მხარე აღიარებს ნათესაობას ლოუ-ანჩოყოთა წინაპრები, როგორც ჩანს, XIV-XV სს-ში გადავიდნენ ჩრდ. კავკასიაში.
ქართ. ტრადიციით, ა-გან იღებს სათავეს ორი ცნობილი ქართ. გვარი - მაჩაბელი და აფხაზი (აფხაზიშვილი). მაჩაბელთა წინაპრების ქართლში დამკვიდრება, ს. ჯანაშიას ვარაუდით, X ს-ში მოხდა. რაც შეეხება კახელ აფხაზიშვილებს, მათი ერთი შტო მაინც ზემოხსენებული გიორგი ანჩაბაძე- აფხაზისაგან მომდინარეობს.
ლიტ: ჯ ა ნ ა შ ი ა ს., გიორგი შარვაშიძე. კულტურულ-ისტორიული ნარკვევი-შრომები, VI, თბ., 1988; Абхазцы (Азега). По поводу сочинения Дубровина «Очерки Кавказа и народов его населоющих»ю Сборник сведении о кавказских борцах», в. 6, Тфл., 1972; Инал-Ина Ш. Д., Страницы исторической этнографии абхазов, Сух., 1971.
გ. ანჩაბაძე