აბულაძე იუსტინე ირაკლის ძე [5 (17). IV. 1874, სოფ. როკითი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 1. VI. 1962, თბილისი], ფილოლოგი, ირანისტი, რუსთველოლოგი, ტექსტოლოგი და ლექსიკოგრაფი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1938), პროფესორი (1932), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1943).
ქუთ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლური ენების ფაკ-ტზე ქართ.-სომხ.-სპარს. ფილოლ. განხრით, რ-იც დაამთავრა 1900 პირველი ხარისხის დიპლომით. აქ გაიარა დიდი ორიენტალისტური სკოლა ა. ცაგარლის, ვ. ბარტოლდის, ვ. ჟუკოვსკისა და ნ. მარის ხელმძღვანელობით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ა. ქართ. ენასა და ლიტ-რას ასწავლიდა თბილ. სხვადასხვა სასწავლებელში. პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ. კვლევა-ძიებას. ამ მიზნით 1902 – 03 იმოგზაურა შუა აზიასა (ტაშკენტი, სამარყანდი, ბუხარა) და დას. ევროპაში (ვენა, ბერლინი, პარიზი), სადაც გაეცნო აღმოსავლურ, კერძოდ, სპარს. ხელნაწერთა კოლექციებს. ა. აქტიურად თანამშრომლობდა საქართვ. საისტ.-საეთნოგრაფიო და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბებში. თსუ-ის დაარსების (1918) პირველი დღეებიდან სიცოცხლის ბოლომდე განათლების ამ დიდი კერის სამსახურს შესწირა თავი. იყო საქართველოში სპარს. ენის მეცნ. სწავლების ფუძემდებელი, რასაც დიდად შეუწყო ხელი მის მიერ შედგენილმა პირველმა ქართულმა სახელმძღვანელომ („სპარსული ენის გრამატიკა“, გამოიცა 2-ჯერ 1936 და 1953). თსუ-ში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარს. ფილოლ. კათედრას. აღზარდა ქართვ. ირანისტთა მთელი თაობა. მისი მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები წარმატებით აგრძელებენ ირან. ფილოლ. აქტუალურ პრობლემათა შესწავლას (სპარს. ენა და ლიტ-რა, ქართ.-სპარს. ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორია). ამ შესასწავლ საკითხთა უმრავლესობას ზოგჯერ უმძიმეს პირობებშიც კი (შავრაზმელთა მიერ სკოლის დარბევისას მიღებული ტრავმა, სამოქალაქო და II მსოფლიო ომის წლები), ა-მ დაუდო სათავე. გამორჩეულად უყვარდა და საგანგებოდ იკვლევდა ქართ. და მსოფლიო მწერლობის სამ შედევრს: „ვეფხისტყაოსანს“, „შაჰნამესა“ და „ვისრამიანს“. მონაწილეობა მიიღო სამივე ძეგლის ტექსტის დადგენაში (ორჯერ – 1914 და 1926 – გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“; 1916 გამოაქვეყნა „შაჰნამეს“ ქართ. ვერსიების I ტ. და 1934 მონაწილეობა მიიღო II ტ. გამოქვეყნებაში. წერილების სერია უძღვნა „ვისრამიანს“). სამივე ძეგლს შეუდგინა ვრცელი ლექსიკონები, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართ.-სპარს. ლიტ-რისა და ენობრივი ურთიერთობის მეცნ. შესწავლას. ამას გარდა, ა-მ შეისწავლა სხვა თხზულებებიც („ბარამგურიანი“, „ბარამგულანდამიანი“, „ბარამგულიჯანიანი“), ლექსიკონები შეუდგინა ძვ. ქართ. კარაბადინებსა და საექიმო წიგნებს, პირველმა თარგმნა ომარ ხაიამი („კავკასიონი“, 1924, № 1-2), მოგვცა მთელი რიგი ეთნიკური, საკუთარი და გეოგრ. სახელების ეტიმოლოგია და ა. შ. ცხადია, ყოველი მათგანი ერთნაირი სიღრმით ვერ იქნებოდა განხილული, ზოგიერთი მისი მოსაზრება შემდგომში დაზუსტდა ან არ გამართლდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სპეციალისტი გვერდს ვერ აუვლის ა-ის ნამოღვაწარს.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: „ვისრამიანის“ ტექსტისათვის, კრ.: ლიტერატურული მემკვიდრეობა, წგ. 1, ტფ., 1935; რუსთველოლოგიური ნაშრომები, კრებული შეადგინა ი. მეგრელიძემ, თბ., 1967.
ლიტ.: გვახარია ა., იუსტინე აბულაძე, «თსუ შრომები», 1975, ტ. 163 (ლიტერატურათმცოდნეობა); კობიძე დ., იუსტინე აბულაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, იქვე, 1964, ტ. 108 (აღმოსავლური სერია).
ა. გვახარია