ანჯაფარიძე ოთარ გიორგის ძე (12. II. 1920, ბათუმი, – 27.V.1996, მოსკოვი), ვირუსოლოგი. რუსეთის მედ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1990). რუსეთის ბიოტექნოლოგიის აკადემიის აკადემიკოსი (1990). მედ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1967).
1943 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1943 – 46 იყო ბათუმის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი. 1946-იდან მუშაობდა მოსკ. სხვადასხვა სამეცნ.-კვლ. ინ-ტებში. იყო სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ბაქტერიული და ვირუსული პრეპარატების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი და დირექტორი (1958–63 და 1965–95). 1976–90 რუს. მედ. მეცნ. აკად. ჰიგიენის, ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი. 1990 აირჩიეს რუს. სამედ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმის მრჩევლად და რუს. ბიოტექნოლოგიის აკადემიის აკადემიკოსად. შეისწავლიდა ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტს და პოლიომიელიტის, ცოფის, ენცეფალიტის, წითელას, ყვავილისა და სხვ. ინფექციურ დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების მეცნ. საფუძვლებს; იკვლევდა ვირუსული ინფექციის ქრონ. ფორმების ჩამოყალიბების უჯრედოვან მექანიზმს, ადამიანის ლევკოზის ვირუსულ ეტიოლოგიას და კანცეროგენეზის მექანიზმს.
ა. იყო რუს. ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინებისა და შრატების კომიტეტის თავ-რის მოადგილე, უჯრედთა კულტურების საერთაშ. კომიტეტის წევრი და საერთაშ. ჟურნალ „Acta virologica”-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1990-იდან – „Вопросы –вирусологии“-ს მთავარი რედაქტორი.
მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: 1. Культура ткани в вирусологических исследованиях, М., 1962; 2. Серопрофилактика и серотерапия вирусных инфекций в эксперименте и клинике, М., 1968; 3. Персистенция вирусов, М., 1984.
ლიტ.: Отар Георгиевич Анджапаридзе, «Вопросы вирусологии», 1970, №3.
თ. ჭანიშვილი