აპოკრიფი (ბერძნ. Apokryphos – დაფარული, საიდუმლო), იუდაისტური და ადრინდელი ქრისტიანული ლიტერატურის ზოგი ძეგლი, რ-იც საეკლესიო კანონში არ შესულ ა. აპოკრიფული ლიტ-რა ძვ. ქართ. მწერლობის მნიშვნელოვანი დარგი იყო. ჩვენამდე მოაღწია ბერძნ., სირ., სომხ., სლავ. და სხვ. ენებიდან თარგმნილმა მდიდარმა აპოკრიფულმა ლიტ-რამ. ქართულად თარგმნილია ძველი და ახალი აღთქმის ა-ები. ქართ. ბიბლიის ხელნაწერ კრებულებში დაცულია ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნების უძველესი, X ს-მდე შესრულებული თარგმანები (ეზრას I წიგნის ხანმეტი ფრაგმენტები VII ს. განეკუთვნება). ძველი აღთქმის სხვა ა-ებიდან X ს-მდეა თარგმნილი „ადამ და ევას ცხოვრება“. ძვ ქართ. მწერლობაში შემონახულია ახალი აღთქმის მრავალი ა.: მოციქულთა აქტები, აპოკრიფული წამება-ცხოვრებანი და სხვ. ორი ა-ის „მიმოდასლვა მოციქულთა“ და „საქმენის“ ფრაგმენტები წარმოდგენილია V–VI სს. ხანმეტ პალიმფსესტებში. ქართ. ენაზე არსებობს ა-ების საგანგებო კრებ. „მარგალიტი“. ზოგიერთი ა. მხოლოდ ქართ. თარგმანითაა მოღწეული (მაგ.: „წიგნი, რომელი დაწერა იოსებ არიმათიელმან... და თხრობა აღშენებისათვის ეკლესიისა, რომელი იგი არს ლუდიას შინა“). მხოლოდ ქართ. თარგმანმა შემოგვინახა სრული სახით ტობის წიგნის ერთ-ერთი რედაქციაც. ა-ების ქართვ. მთარგმნელთაგან ცნობილი არიან ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლები. ვარაუდობენ, რომ ლეონტი მროველს ეკუთვნის ძველი აღთქმის ერთ-ერთი ა-ის თარგმანი. ა-ები გარკვეულ როლს ასრულებდა ორიგინ. მწერლობის განვითარებაშიც. ქართ. მხატვრულ ლიტ-რაში ხშირად იჩენდა თავს აპოკრიფული სიუჟეტების ანარეკლი (ქრისტეს კვართის, ნებროთისა და სხვ. ამბები). აპოკრიფული ნაწარმოებები ლეონტი მროველის თხზულებათა დიდმნიშვნელოვანი წყარო იყო. ძვ. ქართ. მწერლობის ძეგლებში დაცული ცნობებიდან ირკვევა, რომ ქართველებს ლიტ-რის ეს დარგი თეორიულადაც აინტერესებდათ. ქართვ. მოღვაწეები ერთმანეთისაგან მიჯნავდნენ აგრეთვე არაკანონიკურ წიგნებს და საკუთრივ ა-ებს. ძვ. ქართ. მწერლობის ძეგლებში გვხვდება ტერმინები „ბეჭდული“, „განკანონებული“ – კანონიკური წიგნებისათვის, „დაუბეჭდველი“, „განუკანონებელი“, „არაგანკანონებული“ – არაკანონიკური წიგნებისათვის; „დაფარული“, „აპუკორფა“ – საკუთრივ ა-ებისათვის. ექვთიმე მთაწმიდლის წერილში, რ-იც მას ათონიდან საქართველოში გამოუგზავნია შეკითხვის პასუხად, ჩამოთვლილია ძველი და ახალი აღთქმის აპოკრიფული თხზულებანი, რ-ებსაც არ შეიწყნარებდა საბერძნ. ეკლესია (მაშასადამე, ქართულიც). ა-ების ქართ. თარგმანები შეისწავლეს და გამოსცეს ნ. მარმა, ა. ხახანაშვილმა, ი. ჯავახიშვილმა, კ. კეკელიძემ, ც. ქურციკიძემ და სხვ.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ქ უ რ ც ი კ ი ძ ე ც., აპოკრიფები, თბ., 1960; მ ი ს ი ვ ე, ძველი აღთქმის აპოკრიფული (არაკანონიკური) წიგნების ქართული ვერსიები, წგ. 1–2, თბ., 1970–73; Ранович А. Б., О раннем христианстве, М., 1959; Eissfeld O., Einleitung in das Alte Testament, 3. Aufl., Tübingen, 1964.
რ. ბარამიძე
ც. ქურციკიძე