აპოლონიოს როდოსელი

აპოლონიოს როდოსელი (Apollōnios ho Rhodios) (დაახლ. ძვ. წ. 295–215), ძვ. ბერძენი პოეტი და მეცნიერი. მოღვაწეობდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში. ა. რ-ს ეკუთვნის ეპიგრამები, პატარა ეპიკური პოემები, რ-თაგან ცალკეული სტრიქონებიღაა შემორჩენილი. სრული სახით მოღწეულია მხოლოდ „არგონავტიკა“ რ. გორდეზიანი. დაქტილური ჰეგზამეტრით გამართული მონუმ. პოემა, რ-იც არგონავტების თქმულებებზეა აგებული. პოემა შედგება ოთხი წიგნისაგან (სიმღერისაგან), შეიცავს 5835 ტაეპს და დაწვრილებით გადმოგვცემს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იასონის მეთაურობით ელინთა ლაშქრობას აია-კოლხეთში. ა. რ. მიჰყვება ძვ. ელინური საგმირო ეპოსის კვალს. ფართოდ იყენებს ჰომეროსის მხატვრულ ხერხებს და ბევრ შემთხვევაში პირდაპირ ბაძავს „ოდისეას“. „არგონავტიკა“ გადატვირთულია საგანთა და მოვლენათა დეტალური აღწერით, მწიგნობრული პასაჟებით, მითებით, გენეალოგიებითა და გეოგრ.-ეთნოგრ. ცნობებით. შემოქმედებითი სიახლე ყველაზე მეტად მესამე სიმღერაში ვლინდება. აქ მოქმედება ვითარდება ძვ. კოლხეთში, მეფე აიეტის სასახლეში. დიდი მხატვრული ძალითაა ასახული მეფის ასულის – მედეას სულიერი ბრძოლა, როცა მან სატრფოსთვის სამშობლო გაწირა. ა. რ. იყო ერთ-ერთი პირველი პოეტი, რ-მაც ეპოსის ჩარჩოები გააფართოვა ვნებათა ფსიქოლ. ანალიზით, სიყვარულის მოტივს დაუმორჩილა მოქმედების განვითარება, რითაც ხელი შეუწყო ბერძნ. რომანის დაბადებას. ამ ნიშან-თვისებებმა და სხვა ღირსებებმა პოემა მსოფლიო ლიტ-რის შედევრთა შორის დააყენა. „არგონავტიკას“ დიდი წარმატება ჰქონდა ძვ. საბერძნეთში, მწიგნობრებმა მას მეტად საგულისხმო სქოლიოები დაურთეს, თარგმნეს რომში და იქვე გაჩნდა მისი მოკლე ვარიანტიც. პოემა შეიცავს მრავალ საგულისხმო ცნობას ძვ. ქართვ. ტომების – ხალიბების, ტიბარენების, მოსინიკების შესახებ; მასში მოხსენიებული ქუთაისი, აღწერილია კოლხეთი (აია), გადმოცემულია საინტერესო თქმულებები ოქროს საწმისზე, სპილენძისჩლიქებიან ხარებზე, დაცულია ცნობები სტუმარმასპინძლობის წესსა და სხვა ჩვეულებებზე.

თხზ.: არგონავტიკა (თარგმ., წინასიტყვ. და განმარტ. აკ. ურუშაძისა), თბ., 1970.

ლიტ.: უ რ უ შ ა ძ ე  ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964; ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1949.

ა. ურუშაძე