არაბთა სახალიფო, არაბულ-მუსლიმური სახელმწიფო, რ-საც ხალიფა მართავდა (632–1258). ა. ს-ს საფუძველი გახდა მუჰამადის მიერ VII ს. 20-იან წლებში ქ. მედინაში (არაბეთის ნ.-კ.) დაარსებული მუსლ. თემი (უმა), სადაც გაერთიანება ხდებოდა ერთი რელიგიისადმი – ისლამისადმი კუთვნილების მიხედვით. უმა იყო თეოკრატიული ორგანიზაცია, რ-შიც მუჰამადი სას. და საერო მეთაური იყო. 632, მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ, მუსლ. თემის მეთაურად აირჩიეს აბუ ბაქრი (632–634), რ-მაც მიიღო „ხალიფა რასულ ალ-ლაჰის“ („ალაჰის მოციქულის მოადგილე“) წოდება. საფუძველი ჩაეყარა არაბთა სამხ.-თეოკრატიულ სახელმწიფოს (632–661), რ-ის მმართველ ხალიფებს „ალ-ხულაფა ალ-რაშიდუნას“ („მართლმორწმუნეთა ხალიფები“) უწოდებდნენ. მეორე ხალიფამ, უმარ I-მა (634–644), მიიღო „ამირ ალ-მუმინინას“ („მართლმორწმუნეთა ამირა“) წოდება. რითაც ხაზი გაესვა ხალიფის საერო ფუნქციას. ამიერიდან ხალიფები ამ ტიტულით იწოდებოდნენ. პირველმა ხალიფებმა დაასრულეს მუჰამადის მიერ დაწყებული არაბ. ტომების გაერთიანება და წარმატებით მიჰყვეს ხელი დაპყრობით ომებს, რ-თა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აბუ ბაქრის, უმარ I-ისა და უსმანის (644–656) ხანაზე მოდის. ორი ათეული წლის მანძილზე არაბებმა დაიპყრეს ბიზანტ. აღმოსავლური და აფრ. პროვინციები: სირია, პალესტინა, ეგვიპტე და ჩრდ. აფრიკა, მთლიანად დაიმორჩილეს ირანი და ბოლო მოუღეს სასანიანთა ირანის იმპერიას, ამავე ხანებში დაიპყრეს აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო.
დაპყრობითი ომები დროებით შეაფერხა შინაპოლიტ. კრიზისმა და სამოქალაქო ომმა ხალიფების უსმანისა და ალის (656–661) დროს, რაც მარჯვედ გამოიყენა ომაიანთა გვაროვნ. არისტოკრატიამ და 661 ხელთ იგდო ძალაუფლება. ომაიანთა ბატონობა 750 წლამდე გაგრძელდა. მათ სატახტო ქალაქი სირიაში, ქ. დამასკში გადაიტანეს, რის მიხედვითაც ომაიანთა სახალიფოს დამასკის სახალიფოსაც უწოდებენ. დინასტიის ფუძემდებელია მუავია I (661–680), რ-მაც ხალიფის ხელისუფლება მემკვიდრეობითად აქცია. ომაიანმა ხალიფებმა მიიღეს მალიქის (არაბ. – მეფე) ტიტული. სახალიფო თეოკრატიული სახელმწიფოდან აღმოსავლურ დესპოტიაში გადაიზარდა.
ომაიანმა ხალიფებმა განაგრძეს დაპყრობითი ომები, დაიპყრეს პირენეს ნ.-კ-ის დიდი ნაწილი, მცირე აზია, შუა აზია და ჩრდ. ინდოეთი. ა. ს. ატლანტის ოკეანიდან კაშგარის მთებამდე გადაიჭიმა. ხალიფა აბდ ალ-მალიქმა (685–705) ჩაატარა რეფორმები, რ-ებიც მიზნად ისახავდა სახალიფოს ცენტრალიზაციასა და არაბიზაციას. სახელმწ. ენად გამოცხადდა არაბული. სახელმწ. დაწესებულებებიდან განიდევნა ადგილ. ენები (ბერძნული, სპარსული, კოპტური).
ომაიანთა სახალიფოში უგულებელყოფდნენ დაპყრობილი ხალხების უფლებებს. დაუშვებელი იყო მავალების (არაარაბი მუსლიმების) უფლებებით არაბებთან გათანასწორება. არაბი მუსლიმებისაგან განსხვავებით მავალები იხდიდნენ ხარაჯას, ხოლო ე. წ. 700 წ. კანონით – ჯიზიასაც. რადგან არაარაბები გამუსლიმების შემთხვევაშიც უფლებრივად არაბებს ვერ უთანასწორდებოდნენ, ამის შედეგად შეფერხდა ისლამის გავრცელება და გაიზარდა დაპყრობილი ქვეყნების მმართველი ფენების უკმაყოფილება, რ-ებიც ომაიანებმა თავიანთ სოც. დასაყრდენად ვერ გადააქციეს.
VIII ს-ში გაძლიერდა ბრძოლა ომაიანთა წინააღმდეგ, რ-შიც მონაწილეობდა სხვადასხვა სოც. ძალა. გაძლიერდა დაპყრობილ ხალხთა განმათ. მოძრაობა არაბთა წინააღმდეგ. ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა სამხრ. კავკასია, სადაც 736–738 ომაიანებმა მოაწყვეს დამსჯელი ლაშქრობა მარვან იბნ მუჰამადის (მურვან ყრუს) მეთაურობით (იხ. მურვან ყრუს შემოსევა). ომაიანებს ოპოზიციაში ჩაუდგნენ აგრეთვე ირანელი ფეოდალები, რ-ებსაც დაუკავშირდნენ აბასიანები და ფართო მასების მოძრაობა თავიანთი პოლიტ. მიზნებისათვის გამოიყენეს. 750 აბუ მუსლიმის აჯანყების შემდეგ ომაიანთა დინასტია დაემხო. იგი შეცვალეს აბასიანებმა (750–1258), რ-ებიც თავს მუჰამადის ბიძის – ალ-აბასის შთამომავლებად თვლიდნენ (აქედან დინასტიის სახელწოდება). აბასიანებმა რეზიდენცია 762 დაარსებულ ქ. ბაღდადში გადაიტანეს. ამიტომ აბასიანთა სახალიფოს ბაღდადის სახალიფოსაც უწოდებენ.
760 გადატრიალება აღნიშნავდა ღრმა ცვლილებებს ქვეყნის პოლიტ. და საზ.-ეკონ. ცხოვრებაში. მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახალიფოს შემდგომი განვითარებისათვის, ფეოდალიზაციის პროცესის დაჩქარებისათვის, რაც პოლიტ. წყობილების უფრო განვითარებულ სტადიაზე გადასვლასაც მოითხოვდა. აბასიანთა სახალიფოს სახელმწ. წყობილება გახდა ახ. საფეხური არაბთა სახელმწიფოს განვითარებაში.
აბასიანთა სახალიფოს პოლიტ. ასპარეზზე ირანელი და შუააზიელი ფეოდალები დაწინაურდნენ. ახ. ბაზაზე იქნა გამოყენებული სასანიანთა ირანის სახელმწ. ტრადიციები: პოლიტ. ინ-ტები, ადმ.-ფინანსური სტრუქტურა, მრავალრიცხოვანი უწყება-დაწესებულებები (დივანი). აბასიანთა გამარჯვების შედეგებმა გამოხატულება რელიგიის სფეროშიც პოვა. წაიშალა ზღვარი არაბ და არაარაბ მუსლიმანებს შორის. არაარაბი ფეოდალები ხალისით იღებდნენ ისლამს, რადგანაც ისლამი ფეოდ. საზ-ბის იდეოლოგიად იქცა და კლასობრივი ბატონობის იარაღი გახდა. შეიცვალა ექსპლუატაციის ფორმები. ხარკისა და ნადავლის ნაცვლად, ახლა ასეთად მიწაზე დაწესებული გადასახადი (ხარაჯა) იქცა, რ-ის აკრეფა ხდებოდა როგორც ნატურით, ასევე ფულით. ხარაჯის გარკვეული ნაწილი სამხრ. კავკ. ქვეყნებიდან (მ. შ. საქართველოდან) შედიოდა, რაც ასახულია აბასიანთა ხანის საგადასახადო სიებში. VIII ს-იდან ა. ს-მ აშკარა ეკონ. აღმავლობა განიცადა. განვითარდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა, ვაჭრობა, ქ-ები და საქალაქო ცხოვრება. შეიქმნა მრავალფეროვანი, ბრწყინვალე, ე. წ. არაბული კულტურა, რ-მაც უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო კულტ. ისტორიაში. ა. ს-ს სამეურნეო-კულტ. განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დაპყრობილმა ხალხებმა (სპარსელებმა, ტაჯიკებმა, სირიელებმა, სამხრ. კავკ., კერძოდ საქართველოს მცხოვრებლებმა და სხვ.). ა. ს-ს სავაჭრო და კულტ. ურთიერთობა კარგად მოწყობილი სახმელეთო (საქარავნო) და საზღვაო გზებით ხორციელდებოდა. საქარავნო გზებით დასერილი იყო სამხრ. კავკასია. საკვანძო პუნქტს აქ ქ. ბარდავი წარმოადგენდა, საიდანაც გზები მიდიოდა დარუბანდამდე, დვინამდე, არდებილამდე, ხოლო მტკვრის მარჯვ. ნაპირით, განჯისა და შამქორის გავლით – თბილისამდე. თბილისში, სეიდაბადში, ნაპოვნია VII ს. მანძილის აღმნიშვნელი ე. წ. მილის ქვა არაბ. წარწერით – „სამი მილი თბილისიდან“. ასეთი ქვა მხოლოდ პალესტინაშია მოკვლეული. ამ საქარავნო გზებით სამხრ. კავკ. ქვეყნები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული და გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ ურთიერთშორის. მათივე საშუალებით უკავშირდებოდნენ ისინი აზიისა და ევრ. ქვეყნებს: ერაყს, სირიას, მცირე აზიას, მავერანაჰრს, ირანს, ინდოეთს, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს, ხაზარეთს, სლავთა და სკანდინავიის ქვეყნებს. დიდ როლს თამაშობდა სახალიფოს ცხოვრებაში ამ გზებზე მდებარე ქ-ები, მ. შ. თბილისი. თბილისში სავაჭროდ მრავალი არაბი ვაჭარი ჩამოდიოდა. აქეთკენ მათ იზიდავდა საქონლის სიუხვე, მრავალფეროვნება და სიიაფე, რაც სათანადოდ აისახა არაბ. მწერლობაში. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ცნობილი არაბი ვაჭრისა და გეოგრაფის იბნ ჰაუკალის მიერ X ს. თბილისის აღწერა.
IX ს-ში ბიზანტიასთან ვაჭრობის დროებით შეწყვეტამ და საერთაშ. ვაჭრობის მტკვრის აუზში გადანაცვლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა აღმ. საქართველოსა და აზერბ. ქ-ების როლი, განაპირობა მათი ეკონ. აღმავლობა და განვითარება. აღსანიშნავია, რომ იგივე გზები ხელს უწყობდა კულტ. განვითარებას, მეცნ. ცოდნის გავრცელებასა და გადატანას. იმდროინდელი თბილისი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტ. ცენტრი და მრავალი უცხო მოგზაურისა და მეცნიერის ინტერესის საგანს წარმოადგენდა.
ა. ს-ში გაძლიერდა დაპყრობილი ხალხების ექსპლუატაცია. გამწვავდა კლასობრივი წინააღმდეგობები, გახშირდა სახ.-ანტიფეოდ. აჯანყებები, რ-თა შორის აღსანიშნავია მუკანას აჯანყება (776–783) შუა აზიაში, ბაბექის აჯანყება (816–837) აზერბაიჯანსა და დას. ირანში და სხვ.
სახ. აჯანყებებმა და ფეოდალიზმის შემდგომმა განვითარებამ განაპირობა ერთიანი სახალიფოს დაშლა, დამოუკიდებელი ფეოდ. სამფლობელოებისა და საამიროების შექმნა.
სახალიფოს ფეოდ. დაშლილობის ნიშნებმა ჯერ კიდევ VIII–IX სს. მიჯნაზე იჩინეს თავი. ჰარუნ ალ-რაშიდის (786–809) გარეგნულად ბრწყინვალე ხანა ფაქტობრივად ა. ს-ს ძლიერების დასასრულის დასაწყისი იყო. წარმოიქმნა დამოუკიდებელი პოლიტ. ერთეულები: იდრისიდებისა (789–926) მაროკოში; ბუიდებისა (932–1062) ირანსა და ერაყში და სხვ. IX ს. დასაწყისში თავი იჩინა თბილისის ამირას (იხ. თბილისის საამირო) მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, რაც ა. ს-ში მიმდინარე საერთო პროცესის კანონზომიერი შედეგი იყო.
ცენტრ. ხელისუფლების ოპოზიციურ ძალებს ხალიფებმა თურქ. ელემენტები დაუპირისპირეს, მაგრამ ხალიფა მუთასიმის (833–842) სამხედრო რეფორმამ (თურქ. გვარდიის შექმნა, თურქი ღულამების დაწინაურება სამხ. ასპარეზზე) საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. მართალია, მათ თავი გამოიჩინეს დაპყრობილი ხალხების განმათ. და ანტიფეოდ. მოძრაობის ჩაქრობაში (იხ. ბუღა თურქის ლაშქრობა 853–854), მაგრამ თავიანთ გავლენას დაუქვემდებარეს აბასიანი ხალიფები და ხელი შეუწყვეს სახალიფოს დაცემას. 945 ბუიდებმა აიღეს ქ. ბაღდადი, რის შედეგადაც ხალიფებმა დაკარგეს საერო ხელისუფლება და მათი ადგილი სულთანმა დაიჭირა. აბასიანთა ხალიფას მხოლოდ სას. ფუნქცია შერჩა. 1055 თოღრულ-ბეგმა აიღო ბაღდადი და ხალიფის მიერ ხელდასხმულ იქნა სულთნად; სელჩუკიანთა სახელმწიფოს დაშლის (1118) შემდეგ აბასიანთა სახალიფო კვლავ აღორძინდა ხალიფების მუქთაფისა (1136–60) და განსაკუთრებით ალ-ნასირის დროს (1180–1225). ტიგროსისა და ევფრატის აუზში 1258 აბასიანთა სახალიფოს ბოლო მოუღეს მონღოლებმა. მათ აიღეს ქ. ბაღდადი და მოკლეს უკანასკნელი ხალიფა ალ-მუსთასიმი (1242–58). 1261 ეგვიპტის მამლუქთა სულთანმა ბაიბარსმა ხალიფად აღიარა აბასიანთა დინასტიის თითქოს გადარჩენილი წარმომადგენელი, რ-ის შთამომავლები ხალიფობას ინარჩუნებდნენ ეგვიპტეში 1517-მდე, ვიდრე ოსმ. სულთანმა სელიმ I-მა ტყვედ არ წაიყვანა მათი უკანასკნელი ხალიფა მუთავაქილ III.
აბასიანთა სახალიფოს პარალელურად X ს-იდან არსებობდა არაბთა კიდევ ორი სახალიფო: ფატიმიდების ანუ კაიროს სახალიფო (909–1171) – ჩრდ. აფრიკაში (მოგვიანებით ეგვიპტესა და სირიაში) და ომაიანთა ანუ კორდოვის სახალიფო (756–1031) – ესპანეთში. იხ. აგრეთვე არაბობა საქართველოში.
ე. სიხარულიძე