არაგვისპირელი (ნამდვ. გვარი დედაბრიშვილი) შიო ზაქარიას ძე [4 (16). XII. 1867, სოფ. ქარისხევი (ან თანდილაანთკარი), ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 2. I. 1926, თბილისი], მწერალი.
დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილ. სას. სასწავლებელში (1877-იდან), შემდეგ (1883-იდან) თბილ. სას. სემინარიაში. 1887 დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი; 1889 დაამთავრა სემინარია და 1890-იდან ვარშავის საბეითლო ინ-ტში განაგრძო სწავლა. პოლონეთში ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინა საკუთარი სამშობლოს მწარე ხვედრი. 1893 ქართვ. სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა „საქართველოს განთავისუფლების ლიგა“, რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთ. ციხეში. 1895 დაამთავრა ინ-ტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი „მოგონება“ დაიბეჭდა 1890 „ჯეჯილში“.
ა-ის ლიტ. მემკვიდრეობა მოცულობით დიდი არ არის. დაახლ. 30 წლის მანძილზე შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები – ფსიქოლ. ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. ა. წერეთელმა მას „ახალი სკოლის მეთაური“ უწოდა. ა. ძირითადად განაგრძობდა ქართ. კლასიკური ლიტ-რის ტრადიციებს, ამავე დროს კვლავ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მწვავედ განიცადა და თავისებურად წარმოაჩინა ილიასეული სოც. და ეროვნ. პრობლემები, თვალსაჩინო ადგილი მიუჩინა „ეროვნული თვითშეგნების“ საკითხს, გლეხკაცობის უუფლებო და დაბეჩავებულ ყოფას, იმდროინდელი საზ-ბის მანკიერების მხილებას. მისი ერთი უადრესი მოთხრობა იყო „ესაა ჩვენი ცხოვრება!“ (1889); სკეფსისით, ირონიით, მწარე ნაღველით შეფერილი სათაური ხატოვნად გადმოსცემს მისი მთელი შემოქმედების არსს და მისი ეს ტონი მეტ-ნაკლებად ვრცელდება ა-ის დანარჩენ ნაწარმოებებზეც. აქედან დაედო სათავე ნოველების სერიებს, სადაც ავტორი უმთავრესად ცდილობს მორალის, ცხოვრების არსის, ადამიანის რაობის, მისი დანიშნულების, საზ-ბასთან მისი დამოკიდებულების გარკვევას, ადამიანის „შიშველი სულის“ კვლევას. ასეთი მოტივები განაპირობებს უმთავრესად მის ნაწარმოებებს, რ-ებშიც მან წარმოაჩინა „პატარა ადამიანები“, მებრძოლი სულისკვეთებისა თუ ნიჰილიზმით დაავადებული პერსონაჟების, მაღალი ზნეობრივი თვისებებით გამორჩეული თუ დაკნინებული ადამიანების მდიდარი გალერეა („ჩემო შვინდავ!“, 1892; „გმადლობ, უფალო, გმადლობ“, 1897; „შემუსვრილი სამი მცნება“, 1899). ა. გულმხურვალე მამულიშვილი იყო და ნოველების მთელ წყებაში გააცხადა კიდეც თავისი დამოკიდებულება პატრიოტიზმთან და რევ. პროცესებთან („აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით“, 1900; „მიწაა“, „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“, ორივე 1901; „გრძნეული ციხე“, „ნინიკას მთაზე“, „მიჯაჭვული ამირანი“, 1908; „სამარცხვინო ბოძთან“, 1908; „განძი“, „საშინელებაა...“).
მისი შემოქმედება მდიდარია ქართული სოფლის ფერადოვანი სურათებით; მან გამოამზეურა ორი საუკუნის მიჯნაზე მყოფი გლეხკაცის სოც. თუ ფსიქოლ. სატკივრები; ამ „გლეხური ციკლის“ ნოველებში იგრძნობა ხალხოსნების შემოქმედებიდან გადმოსული ინერციის ძალაც, მაგრამ მწერალი ახერხებს სოფლის თემაზე თვითმყოფად მხატვრულ ფასეულობათა შექმნას, სადაც, მართალია, სოფლის ყოფისა და კოლორიტის, გლეხის ფსიქოლ. კარგი ცოდნა მჟღავნდება, მაგრამ აშკარაა ფერთა ჩამუქების, განგებ დათალხვისა და კვლავ და კვლავ ადამიანის სულის გახსნისაკენ ერთგვარი გადახრაც. ტიპურად უნდა ჩაითვალოს „ადე, ჩამოვიდა“, „ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო“ (ორივე 1893), „და-ძმა“, „ღვინის ქურდები“, „დიდი დედა მარიამი და ხატაურა“, „ოლოლოები“ და სხვ. თავისებურად დასვა მწერალმა სიყვარულის საკითხი. მოპასანის კვალად, რ-საც იგი თავის მასწავლებლად თვლიდა, სხვადასხვა ასპექტში წარმოგვიდგინა სიყვარულის მარადიული თემა; მან შექმნა როგორც ზნეობრივად ფაქიზი, ისე მდაბალი გრძნობების მქონე, ანგარებით, სიყალბით შეპყრობილ ადამიანთა საინტერესო სახეები, მთელი სიმწვავით წამოჭრა ოჯახის რღვევის საშიშროების პრობლემა („მოგვილოცნია ახალი წელი“, 1892; „ყველაი დავკარგე“, 1892; „ქარი კი ამ დროს ზუოდა, კვნესოდა და გმინავდა“, 1895; „...ხითხითებს და ხითხითებს“, 1896; „...მხრებიღა ავიჩეჩე“, 1896; „წერილის ნაგლეჯი“, 1897; „...სულ ერთია“, 1897; „ბალღი ყოფილხარ!“, 1899; „გიული“, 1899 და სხვ.). განსაკუთრებით საყურადღებოა ა-ის რომანი „გაბზარული გული“ (1920), რ-საც თვითონვე უწოდა არაკი. მართლაც, მასში ძლიერია არაკული, ზღაპრული ნაკადი; ა. საკმაო ოსტატობით უხამებს ერთმანეთს არაკსა და ყოფით რეალიზმს, რითაც ქმნის ახლებური ფორმის რომანს. აქვე უნდა აღვნიშნოთ მწერლის დაინტერესება სიკვდილ-სიცოცხლის, რწმენა-ურწმუნოების, კეთილისა და ბოროტის, ამქვეყნიური იდეალების და რელიგ. დოგმების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით („იუდა“, „ჭეშმარიტად!“, „საშობაო ჩვენება“, „ბაბდო კი...“, „ორი მკურნალი“ და სხვ.). ა-ს ეკუთვნის აგრეთვე პიესები „კოკა ყოველთვის წყალს ვერ ზიდავს“ და „შიო თავადი“.
ა-მა ქართ. კლასიკური მწერლობის ლიტერატურულ ტრადიციებზე დაყრდნობით და მსოფლიო ლიტ-რის მიღწევების გათვალისწინებით თვალსაჩინოდ გაამდიდრა ქართ. ბელეტრისტიკა; მის შემოქმედებაში კლასიკურ სიმაღლეს მიაღწია ქართ. ნოველამ, რ-იც სიახლის იერსაც ატარებდა და საუკუნის დასაწყისის საზ. განწყობილებასაც ესადაგებოდა. მძაფრი სიუჟეტით, მაღალი ჰუმანიზმით, დრამატიზმით, ღრმა ფსიქოლოგიზმით ა-მა ახ. თვისება შესძინა ქართ. რეალისტურ პროზას.
თხზ.: თხზულებათა სრული კრებული, ტ. 1 – 2, თბ., 1947; გაბზარული გული, თბ., 1959; მოთხრობები, თბ., 1961.
ლიტ.: აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, ტ. 2, ქუთ., 1912; ზანდუკელი მ., შიო არაგვისპირელი, თბ., 1966; მაღლაფერიძე თ., შ. არაგვისპირელი, წგ.: უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია, ნაწ. 1, თბ., 1984; ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972.
ს. ჭილაია