არქიმანდრიტი (ბერძნ. archimandritēs – ფარეხის გამგე, გადატ.: „ქრისტეს სამწყსოს“ განმგებელი), ა-ის თანამდებობა შემოიღეს ბიზანტიაში V ს-ში. თავდაპირველად ეწოდებოდა ეპისკოპოსის მიერ მისი ეპარქიის იღუმენთაგან არჩეულ მოხელეს, რ-საც ევალებოდა ეპარქიის მონასტრების ზედამხედველობა. მოგვიანებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მონასტერზე ზედამხედველობა სპეც. მოხელეს – დიდ საკელარს დაეკისრა, არქიმანდრიტობა საპატიო ტიტულად იქცა და მას ანიჭებდნენ ეპარქიის დიდმნიშვნელოვანი მონასტრების იღუმენებს.
საქართველოში არქიმანდრიტობა გავრცელებული სამონასტრო თანამდებობა იყო. ა-ს ევალებოდა საეპისკოპოში შემავალი მონასტრების ზედამხედველობა-განმგებლობა. ასე მაგ., ხანძთის მონასტრის წინამძღვარი გრიგოლ ხანძთელი (759–861) იყო ანჩის საეპისკოპოსოში შემავალი „კლარჯეთის უდაბნოების“ (მონასტრების) ა. დაახლ. XV ს-იდან არქიმანდრიტობა ჩვენში საპატიო ტიტულად იქცა. ეს ტიტული მიკუთვნებული ჰქონდა ზოგ ეპისკოპოსს, რ-ის ეპარქიაში რამდენიმე მონასტერი შედიოდა და ა. მათ ზედამხედველ-გამგედ ითვლებოდა. ზოგ ეპისკოპოსს კი არქიმანდრიტობა მიღებული ჰქონდა ერთი მონასტრის განმგებლობის გამო. XVIII ს-ში ა-ის ტიტული ჰქონდათ ნეკრესისა და ნინოწმინდის ეპისკოპოსებს, რ-ებიც თითო მონასტერს განაგებდნენ.
ბ. ლომინაძე