არქიმედე (Archimēdēs) (დაახლ. ძვ. წ. 287 – 212), ძვ. ბერძენი მეცნიერი, მათემატიკოსი და მექანიკოსი. დაიბადა და ცხოვრების მეტი ნაწილი გაატარა სირაკუსაში (სიცილია), სადაც რომაელთა მიერ ქალაქის აღების დროს დაიღუპა. ა-ს პატივსაცემად აგებულ მატურზე გამოსახული იყო ცილინდრში ჩახაზული სფერო. ეპიტაფია მიანიშნებდა, რომ ცილინდრისა და სფეროს მოცულობები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 3:2. თავის ამ აღმოჩენას ა. განსაკუთრებით აფასებდა.
ა-ს ფუნდამენტური შრომები აქვს სტატიკასა და ჰიდროსტატიკაში. მან პირველმა გამოიყენა ბუნებისმეტყველებისა და ტექ. ამოცანების გადასაწყვეტად ფიზ. და მათ. მეთოდები. ნაშრომში „ბრტყელი ფიგურების წონასწორობის შესახებ“, რ-იც აგებულია ევკლიდეს „საწყისების“ მსგავსად, გადმოცემულია ბერკეტის კანონი და მოძღვრება სიმძიმის ცენტრის შესახებ. შრომაში „მოტივტივე სხეულების შესახებ" ჩამოყალიბებულია არქიმედეს კანონი. მათემატიკაში ა-მ შექმნა მეთოდები, რ-ებიც ორი ათასი წლის შემდეგ განვითარდა. ამ მეთოდებით მან განსაზღვრა სხვადასხვა სხეულის ზედაპირის ფართობი, მოცულობა და სხვ. (იხ. აგრეთვე სტ. ინტეგრალური აღრიცხვა). ა. დაინტერესებული იყო აგრეთვე ასტრონომიით, მან დაამზადა მზის ხილული (კუთხური) დიამეტრის გამზომი ხელსაწყო და ცის სფეროს ფართოდ ცნობილი წყლისძრავიანი მოდელი – გლობუსი, რ-ზეც შეიძლებოდა პლანეტების მოძრაობის, მთვარის ფაზების, აგრეთვე მთვარისა და მზის დაბნელების დამზერა. გენიალურ თეორ. აღმოჩენებთან ერთად ა-ს ეკუთვნის მნიშვნელოვანი საინჟინრო გამოგონებებიც (არქიმედეს ხრახნი, დიდი სიმძიმეების ამწევი სისტემები, სამხ. სატყორცნი მანქანები და სხვ.). იგი ხელმძღვანელობდა სირაკუსის საინჟინრო დაცვას რომაელებისგან. ა-ს დიდმა აღმოჩენებმა განაპირობა მასზე მრავალი ლეგენდის შეთხზვა. ლეგენდარულია მისი ფრაზაც: „მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას“ და შეძახილიც: „ევრიკა!“ ა. იზიარებდა დემოკრიტესა და არისტარქეს მატერიალისტურ შეხედულებებს.
ა-ის შრომების შედეგებს იყენებდნენ ი. კეპლერი (1572–1630, გერმანია), გ. გალილეი, რ. დეკარტი, პ. ვერმა (1601–1665, საფრანგეთი), ი. ნიუტონი, გ. ლაიბნიცი და სხვ.
ა. საქართველოში ცნობილია ანტიკური ხანიდან. სავარაუდოა, რომ ა-ს შრომებს გეომეტრიაში იცნობდნენ კოლხეთის უმაღლეს რიტორიკულ სკოლაში (III – VI სს.), სადაც კვადრივიუმის სწავლება იყო გათვალისწინებული. დავით ბატონიშვილს თავის „შემოკლებულ ფისიკაში“ აღწერილი აქვს ისტ. ცდა ა-სი, „... რომელმანცა ჰპოვა გვირგვინსა სირაკუზის მეფისასა თუ რაოდენი აღერია ვერცხლი ოქრომჭედელსა წმინდასა ოქროსა შინა...“ ა-ს მოიხსენიებს „კალმასობაში“ იოანე ბატონიშვილიც.
თხზ.: Сочинения, М., 1962.
ლიტ.: პარკაძე ვ., გამოჩენილი ფიზიკოსები, თბ., 1967; ცხაკაია დ., არქიმედე, თბ., 1939.