არქიტექტურული განათლება, უმაღლესი და საშუალო კვალიფიკაციის არქიტექტორებისა და ტექნიკოს-არქიტექტორების მომზადების სისტემა. საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა არქიტექტორთა მომზადების სისტემა, რ-იც სახეს იცვლიდა სხვადასხვა საზ.-ისტ. ფორმაციაში; ანტ. და ფეოდ. ხანაში იგი მსოფლიოს სხვა ქვეყნების ანალოგიური იყო. ქვით და ხით ხუროთა მომზადების მაღალ პროფ. დონეზე მეტყველებს დღემდე მოღწეული ათასობით მაღალმხატვრული, სხვადასხვა ხასიათის (საკულტო, თავდაცვითი, საზ. და სხვ.) არქიტ. ძეგლი: შუა საუკუნეებში ქართ. მონუმ. არქიტ. ძეგლები ერთიან მახასიათებელ მხატვრულ-სტილისტურ გადაწყვეტასთან ერთად ცალკეულ ისტ. პროვინციებში ამჟღავნებენ ადგილ. ნიშნებსაც (ქართლი, კახეთი, დას. საქართველო, ტაო-კლარჯეთი, მოგვიანებით – სამცხე); განსხვავებას ვხვდებით საცხოვრ. სახლის არქიტექტურაშიც („დარბაზი“ – აღმ. და სამხრ. საქართველოში; „ოდა სახლი“ – დას. საქართველოში; საცხოვრ.-თავდაცვითი ნაგებობები, კოშკები – საქართველოს ჩრდ. მთიანეთში და სხვ.), რაც ნაკარნახევი იყო როგორც ფეოდ. ქვეყნისათვის დამახასიათებელი კუთხურ-რეგიონალური თავისებურებებით, ისე, უფრო ხშირად, ყოფითი და ბუნებრივ-კლიმატური პირობებით. ეს მიუთითებს საქართველოში რამდენიმე სახუროთმოძღვრო სკოლის არსებობაზე. ქართ. ფეოდ. ხუროთმოძღვრული სკოლის გავლენის ზოგიერთი ნიშანი გვხვდება საქართვ. საზღვრებს გარეთ (სომხეთი, ახლანდ. აზერბ. ტერიტორია, ისტ. კიევის რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი, რუმინეთი და სხვ.). ხუროთმოძღვართა მომზადების ამქრული სისტემა, ოჯახებში სამშენებლო ტრადიციების მემკვიდრეობით გადაცემის წესი XX ს-მდე შემორჩა.
1920-მდე კლასიკურ ა. გ-ს ქართვ. ახალგაზრდები იღებდნენ რუს. და დას. ევრ. უმაღლეს სასწავლებლებში. 20-იან წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა ა. გ-ის საკუთარი კერები. 1922-იდან არქიტ. სპეციალისტებს ამზადებდნენ თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტზე, 1928-იდან – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტზე; 1989 – იქვე ცალკე არქიტ. ფაკ-ტზე, ხოლო 1991-იდან – საქართვ. ტექ. უნ-ტის არქიტ. სასწ.-სამეცნ. საპროექტო ინ-ტში; პარალელურად 1922-იდან არქიტ. სპეციალისტებს ამზადებდა თბილ. სამხატვრო აკად. არქიტ. ფაკ-ტი (1990-იდან არქიტ. და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ-ტი; არქიტ. სპეციალობა დროებით გაუქმებული იყო აკადემიაში 1930–37, საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში – 1934).
საქართველოში ა. გ-ის ორ უმთავრეს კერაში – საქართვ. ტექ. უნ-ტსა და თბილ. სამხატვრო აკადემიაში – თავიდანვე მიექცა ყურადღება ქართ. არქიტ. ტრადიციების სწავლებას; იკითხება ქართ. არქიტექტურის ისტ. კურსი; ხდება ისტ. ძეგლების აზომვა, ეწყობა ექსპედიციები ეროვნ. ხუროთმოძღვრული ფორმების შესწავლის მიზნით. წამყვანი საგანია არქიტ. პროექტირება, მაღალ კურსებზე – სპეც. მომზადება. ტარდება საპროექტო პრაქტიკა. 1980-იდან სპეციალობა „არქიტექტურის“ სასწ. გეგმა აგებულია სასწ. დისციპლინების 10 თემატური ბლოკის მიხედვით. საპროქტო და სამეცნ. კვალიფიკაციისათვის კათედრებთან გახსნილია ასპირანტურა და სასტაჟიორო კურსები.
საქართვ. ტექ. უნ-ტის არქიტ. სასწ.-სამეცნ. საპროექტო ინ-ტში სწავლება ორ-საფეხურიანია. IV კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტები აბარებენ სახელმწ. გამოცდას სპეციალობაში და იღებენ ბაკალავრის კვალიფიკაციას. სათანადო ატესტაციის საფუძველზე წარჩინებულ სტუდენტებს რეკომენდაცია ეძლევათ მეორე საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად; აქ ერთნახევარი წელი ეთმობა სპეციალიზაციას, ნახევარი კი – სადიპლომო პროექტს. დიპლომის დაცვის შემდეგ სტუდენტს ენიჭება მაგისტრის წოდება, რაც წარმოადგენს შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის საჭირო ლიცენზიის მიღების საფუძველს. ბაკალავრს, რ-საც აქვს პრაქტ. ან სამეცნ. მოღვაწეობის ერთი წლის სტაჟი, შეუძლია არა უმეტეს ორი წლის ვადისა ჩააბაროს სპეც. გამოცდა და დაასრულოს ა. გ-ის კურსი. არქიტ. ინ-ტში არის არქიტ. გეგმარების, სამოქალაქო და სამრეწვ. შენობების არქიტექტურის, ურბანისტიკის, დიზაინის, სახვითი ხელოვნ. კათედრები. თბილ სამხატვრო აკადემიაში 1993-თვის იყო: არქიტ. საფუძვლების, არქიტ. გეგმარების, საინჟინრო, მონუმ. მოხატვისა და პლასტიკის კათედრები, აგრეთვე ძეგლთა რესტავრაციის და ლანდშაფტური არქიტექტურის განყ-ბები.
1934–76 არქიტექტურაში საკანდიდატო დისერტაციების დაცვისათვის ნაშრომის მიღების უფლება ჰქონდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტს, ხოლო შემდეგ – არქიტ. ფაკ-ტს. 1992-იდან ისევ აღდგა სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო არქიტ. ინ-ტთან.
საქართველოში ა. გ-ის დამკვიდრებისა და განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს ხელოვნებათმცოდნემ გ. ჩუბინაშვილმა, არქიტექტორებმა ნ. სევეროვმა, ა. კალგინმა, მ. მაჭავარიანმა, ა. ნიკოლაიშვილმა, ი. ყირქესალმა, ა. ინწკირველმა, რ. აღაბაბიანმა, მ. შავიშვილმა, ლ. სუმბაძემ, ი. ზაალიშვილმა, ა. ქურდიანმა, ვ. კედიამ, ი. ჩხენკელმა, მ. ლორთქიფანიძემ, მ. ჩხიკვაძემ, კ. ყიფშიძემ, გ. ცეცხლაძემ, ინჟინრებმა ი. თულაშვილმა, გ. ქურდიანმა, გ. მუხაძემ, ი. ღოღობერიძემ და სხვ. ბოლო ათეული წლების მანძილზე საქართვ. არქიტ. სკოლებმა მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწიეს სტუდენტთა და დიპლომანტთა საერთაშ. დათვალიერებებსა და კონკურსებში.
1991–92 საქართველოში გაიხსნა ფასიანი სწავლების არქიტ. და მშენებლობის 2 ინ-ტი და არქიტ. ფაკ-ტები სხვადასხვა ფასიან სასწავლებელში.
ს. კინწურაშვილი
გ. სალუქვაძე