არღავანი

არღავანი, იუდას ხე (Cercis siliquastrum), ხე ან ბუჩქი პარკოსანთა ოჯახის ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახისა. მისი სიმაღლე 7–8, ზოგჯერ 15 მ აღწევს. მურა ყავისფერი ქერქი აქვს. აპრილში ფოთლის გამოტანამდე ზედ ტოტებზე უხვად გამოაქვს მუქი ვარდისფერი ყვავილი. ნაყოფი – 10–12 სმ სიგრძის პარკი – სექტ-ში მწიფდება და ფოთლის ჩამოცვენის შემდეგაც დიდხანს რჩება ხეზე. ა. ველურად იზრდება მცირე აზიაში, სამხრ.-აღმ. ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში საკმაოდ ფართოდაა გაშენებული ბაღებსა და ქუჩებში, კარგად ხარობს და ზოგან (აფხაზეთი, აჭარა, ქართლ-კახეთი) გაველურებულიცაა. ჩვეულებრივ ქვაღორღიან და კირიან ნიადაგზე იზრდება. იტანს ჰაერის სიმშრალეს, უყვარს სითბო. ლამაზი დეკორ. მცენარეა, მეტადრე ყვავილობის დროს.

ვ. მირზაშვილი