არღანი

არღანი, მექანიკური საკრავი. XVIII ს. დასასრულს შეიქმნა საფრანგეთში და შემდეგ გავრცელდა მთელ ევროპაში, როგორც მოხეტიალე მუსიკოსების შემოქმედების განუყოფელი ატრიბუტი. XIX ს-იდან გავრცელდა რუსეთში „შარმანკის“ სახელწოდებით და იქიდან შემოაღწია საქართველოში. ა. წარმოადგენს მოზრდილ ყუთს, რ-შიც ხმოვანი მილები, საბერველი (გუდა) და ხის ან ლითონის მუთაქისებრი ჩხირებიანი ლილვაკებია ჩაწყობილი. თითო ლილვაკზე თითო მუს. პიესაა (სიმღერა) მოთავსებული. ლილვაკებს ამოძრავებს გარეთა სახელური, რ-ის ტრიალის შედეგად ჩხირები მოედება სპეც. მექანიზმს, ჰაერი შევა მილაკებში და საკრავი აჟღერდება. -ის ხმოვანება ორგანის ხმოვანების გამეორებაა მცირე ფორმით. ა. საქართველოში გავრცელდა უპირატესად ქალაქის მოსახლეობაში. მის რეპერტუარს შეადგენდა თბილისური სამუსიკო ფოლკლორი და ნაწყვეტები იმხანად თბილისში დადგმული და ფართოდ გავრცელებული იტალ. ოპერებიდან (უმთავრესად სალაღობო, გასართობი ხასიათისა). ა. გავრცელებული იყო აგრეთვე აღმ. საქართვ. სხვა ქ-ებშიც – გორში, თელავსა და სიღნაღში. საკრავს საქართველოში პოპულარობა მოუპოვა კინტომ. თავდაპირველად მეარღნეები სწორედ კინტოები იყვნენ. შემდგომში ა. უფრო ყარაჩოხელთა და თავადიშვილთა ლხინისა და ქეიფის დამამშვენებელი და აუცილებელი ატრიბუტი გახდა. პარალელურად არსებობდნენ რუსეთიდან შემოსული მოხეტიალე მეარღნეები, რ-თაც ხშირად თან დაჰყავდათ მომღერალი ქალები შედარებით მდარე ხარისხის რეპერტუარით. დროთა ვითარებაში ა. თანდათან განიდევნა ქართ. ყოფიდან.

გ. ჩხიკვაძე