არღუნი

არღუნი, მდინარე, სათავეს იღებს საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შემდეგ მიედინება ჩაჩნეთის რესპუბლიკაში. სიგრძე 148 კმ (მ. შ. საქართვ. ფარგლებში 27 კმ), აუზის ფართ. 3,4 ათ. კმ². სათავე აქვს პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. კალთაზე, დათვისჯვრის უღელტ. მახლობლად. ზემო დინებაში ა. მთის სწრაფი მდინარეა, შუაწელში ხეობა განივრდება, ქვემოთში მიედინება ვაკეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა, აგრეთვე მარადი თოვლისა და მყინვარების წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. მთავარი შენაკადებია ანდაქი (ერთვის საქართვ. ფარგლებში) და შაროარღუნი.

ი. აფხაზავა