არყა, ვარყა, სოკოპიმპილა (Lactarius piperatus), საჭმელი ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. ქუდის დიამეტრი 15 სმ-მდე. ზედაპირი წვრილბუსუსიანია და ჟანგისფერი ლაქები აქვს, ქვედა მხარეს – მჭიდროდ ჩალაგებული ვიწრო ფირფიტები. სოკო მთლიანად თეთრია. გადატეხისას გამოყოფს თეთრ, რძისმაგვარ სითხეს, რ-იც ჰაერზე მწვანდება. რბილობი და რძისმაგვარი სითხე ძალიან მწარე და ცხარეა (ამიტომაც ჰქვია სოკოპიმპილა). იზრდება ნიადაგზე, როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით ბევრია ნესტიან წიფლნარებში ზაფხულ-შემოდგომით, საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული. არ იზრდება მხოლოდ კარბონატულ ნიადაგზე (მაგ., ცივგომბორის ქედი და სხვ.). საჭმელად იხმარება ახალიც და დამწნილებულიც.
ი. ნახუცრიშვილი