არშის ციხე

არშის ციხე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკ. ციხესიმაგრე. მდებარეობს თერგის ხეობაში ყაზბეგის მუნიციპ-ში, ისტორიულ ხევში. იგი წარმოადგენს ბუნებრივ სიმაგრეს, ციხისათვის მარჯვედაა გამოყენებული ანდეზიტის ციცაბო კლდეები. ნაშენი კედლები მხოლოდ ნაკლებად დაცულ ადგილებშია გამოყენებული. მტრის შემოსევის დროს ა. ც-ს მთელი იმ კუთხის მოსახლეობა აფარებდა თავს. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია საცხოვრ. სახლებისა და დამხმარე ნაგებობების ნაშთები. ციხეს ჰქონდა წყალსადენი, წყლის საცავი აუზები. ყველაზე ძვ. ნაგებობაა წმ. გიორგის უაფსიდო ერთნავიანი ეკლესია (IX–X სს.). ჩრდილოეთის მხრიდან კარიბჭე გამაგრებულია. მის წინ ქვით მოფენილი მოედანია, რ-ზედაც ქერს ლეწავდნენ. კალოს მახლობლად სასაფლაო და აკლდამებია. ა. ც არსებითად გამაგრებული სოფელივით იყო. გალავანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ადრინდ. საფეხურზეა აშენებული (XVI ს. დასასრ.–XVII ს. დასაწყ.). ა. ც. ციხეთა არც ერთ ტიპს არ მიეკუთვნება. იგი სრულიად განცალკევებით დგას, მაგრამ თვით მისი წარმოშობა და თავგადასავალი ტიპურია ფეოდ. ხანისათვის.

ლიტ.: ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983.