არშუშა, ქართლის პიტიახში V ს. 20–50-იან წლებში. ვარსქენ პიტიახშის მამა. იაკობ ცურტაველის (V ს. II ნახ.) ცნობით, იგი იყო ეკლესიების მაშენებელი და ქრისტიანობის მფარველი, სომეხი ისტორიკოსი კორიუნი (V ს.) მას უწოდებს „პატიოსან და ღმრთისმოყვარე კაცს“, რ-იც ამასთანავე ქართ. კულტ. თავდადებული მოღვაწე ყოფილა. ლაზარ ფარპეცის (V ს. II ნახ.) ცნობით, იგი იყო „ჭკვიანი და გამომრჩეველი კაცი“, მშობლიური კულტ., ქრისტ. ეკლესიის მოამაგე. დაახლ. 450, ამიერკავკასიაში მაზდეანობა რომ გაევრცელებინათ, ა. ქართლის, სომხ. და ალბ. დიდებულებთან ერთად ირანში შაჰ იეზდიგერდ II-ის კარზე გაიწვიეს. აქ მისი რჩევით ამ სამი ქვეყნის თავკაცებმა ფორმალურად უარყვეს ქრისტიანობა და აღიარეს მაზდეანობა, რათა თავიანთი ქვეყნები აოხრებისაგან ეხსნათ. ამის შემდეგ შაჰმა ა. ერთხანს მძევლად დაიტოვა.
როგორც ჩანს, ა. თანაუგრძნობდა სომხ. 450–451 აჯანყებას. მის კარზე თავი შეაფარეს და კარგი განათლება მიიღეს მისი ქვისლის, აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჰმაიაკ მამიკონიანის ვაჟიშვილებმა.
ლიტ.: ჯანაშია ლ.-ნ., ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962.
ა. ბოგვერაძე