არშუშა პიტიახში, ქართლის ერთ-ერთი მთავარი VI ს. 40-იან წლებში. მოხსენიებულია „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ ქართლის მარზპანის არვანდ გუშნასპის გასაცილებლად მოსულ ქართლის მთავრებს შორის. მათ მარზპანისათვის უთხოვიათ მცხეთაში გაქრისტიანებული სპარსელების პატიმრობიდან განთავისუფლება, რაც მარზპანს დაუკმაყოფილებია.
ა. პ. სახელისა და ტიტულის მიხედვით ქვემო ქართლის პიტიახშთა ცნობილ საგვარეულოს უნდა ეკუთვნოდეს. ის V ს. ცნობილი არშუშა ქართლის პიტიახშის შვილიშვილის შვილიშვილი უნდა იყოს (შვილიშვილისათვის პაპის სახელის დარქმევის წესის მიხედვით).
ა. ბოგვერაძე