არჩვი

არჩვი, ფსიტი (Rupicapra rupicapra), ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის უკანა მხარე წინაზე შესამჩნევად მაღალი აქვს (სიმაღლე მინდაოში 65–70 სმ, მენჯთან – 75–85 სმ აღწევს). მასა 30 კგ. ვაცი უფრო დიდია და მურა. ორივე სქესს აქვს სწორად აღმართული, 20 სმ-მდე სიგრძის, წვერში მოკაუჭებული რქები. რქების უკან აქვთ ჯირკვლები, საიდანაც ხურაობის დროს (ოქტ-იდან დეკ-მდე) გამოიყოფა სპეციფ. სუნის სეკრეტი. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება, შობს 1–2 თიკანს. სქესობრივ სიმწიფეს 2 წლისა აღწევს, ზრდას 3 წლისა ამთავრებს, ცოცხლობს 25 წლამდე. იკვებება ბალახითა და ნეკერით. საქართველოში გავრცელებული ქვესახეობა – კავკასიური არჩვი (R. r. caucasica) – ბინადრობს ზ. დ. 800–3000 მ ფარგლებში სუბალპ. და ალპ. ზონაში, იშვიათად ჩამოდის ტყის ქვედა სარტყელშიც. ადამიანისა და ბუნებრივი მტრების გავლენით მისი რაოდენობა თანდათან მცირდება და ამჟამად 5000 სულს არ აღემატება. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.