არჩიბული ენა, არჩიული ენა, არჭიული ენა, იბერიულ-კავკასიური ენების დაღ. ჯგუფის ენა. ა. ე-ზე ლაპარაკობენ დაღესტანში, ჭარადის რ-ნის სოფ. არჩიებში. ა. ე ისტორიულად ლეზგიური ქვეჯგუფის ენაა, მოქცეულია ხუნძური და ლაკური ენების გავრცელების არეალში. საუკუნეთა მანძილზე მონათესავე ენების გავლენით დიდი ცვლილებები განიცადა; თანამედროვე ა. ე-ს გარდამავალი ადგილი უჭირავს ლეზგიური და ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენებს შორის. ხუნძური და ლაკური ენის ინტენს. ზემოქმედებას ა. ე დღესაც განიცდის. შეინიშნება აგრეთვე დარგუულ ენასთან მისი ოდინდელი ურთიერთობის კვალი. ა. ე მდიდარია თანხმოვნებით. მისთვის ნიშანდობლივია პრერუპტივებისა და უკანაენისმიერი ლატერალური თანხმოვნების არსებობა; პრერუპტივებით ა. ე ლეზგიურ და ლაკურ-დარგუულ ენებს უახლოვდება, ლატერალური თანხმოვნებით – ხუნძურსა და ანდიურ-დიდოურს. ლეზგიურ ენებთან (ხინალუღური, თაბასრანული...) მას აკავშირებს აგრეთვე სიტყვის თავში თანხმოვანთა თავმოყრის ერთგვარი ტენდენცია. ა. ე განარჩევს ოთხ გრამატ. კლასს. დადასტურებულია ოთხი ძირითადი და ოცამდე ადგილობრივი ბრუნვა. ძირითადი ბრუნვის ფორმებით ა. ე უმთავრესად ლეზგიური ქვეჯგუფის ენებს მისდევს, ხოლო ადგილობით ბრუნვებსა და მის ფორმანტებში შეიმჩნევა ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა გავლენა. თვლის სისტემა ათობითია. რიცხვითი სახელების ერთი ნაწილი ლეზგიურ ენებს მიჰყვება, მეორე – ხუნძურსა და დიდოურს. ასეთივე მდგომარეობაა ნაცვალსახელებშიც. უღვლილება კლასოვანია, თუმცა შეინიშნება პიროვანი უღვლილების ჩანასახიც. წინადადებაში მსაზღვრელი წინ უძღვის საზღვრულს. ა. ე უმწერლობო ენაა. სამწერლობო ენად იყენებენ ხუნძურს ან ლაკურს.
ლიტ.: კ ა ხ ა ძ ე ო., ლატერალური თანხმოვნები არჩიბულში, «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება», 1958, ტ. 9 – 10; მისივე, გრამატიკული კლასების შესახებ არჩიბულ ენაში,«საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე», 1967, ტ. 45, № 3; მისივე, პრერუპტივების შესახებ არჩიბულში, «მაცნე», 1969, № 4; მისივე, არჩიბული ენა და მისი ადგილი დაღესტნის მონათესავე ენათა შორის, თბ., 1979; მისივე, გრამატიკული კლასები ლეზგიურ ენებში, თბ., 1984; ჩიქობავა ა., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; მისივე, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წგ. 2 – ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, თბ., 1937; იგივე, თბ., 1992 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 10; Дирр А., Арчинский язык, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1908, в. 39; Кибрик А. Е., Кодзасов С. В., Оловяникова И. П., Самедов Д. С., Опыт структурного описания арчинского языка, т. 1 – 3, М., 1977; Микаилов К. Ш., Арчинский язык, Махачкала, 1967; Хайдаков С. М., Арчинский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Trubetzkoy N., Die Konsonanten-Syateme der ostkaukasischen Sprachen, «Caucasica», 1931, fasc. 8.
ო. კახაძე