არჩილური

არჩილური, ქართული ლექსის სახეობა, მწერლების, პოეტების, საზოგადო მოღვაწეების ლექსად დაწერილი დახასიათება. დაკავშირებულია ნ. დადიანის (1844–96) სახელთან, რ-მაც თანამედროვე მწერლები დაახასიათა აკროსტიქული ლექსებით (კიდურწერილობით იკითხება გვარი, სახელი ან ფსევდონიმი მწერლისა, რ-საც იგი ეძღვნება). ავტორმა მათ დაარქვა „არჩილური შვიდთავი“ ანუ „საამდროვო გამოცანები“ და აქვეყნებდა „ივერიაში“ 90-იან წლებში. 1897 ნ. დადიანის აკროსტიქები „საამდროვო გამოცანების“ სახელწოდებით გამოიცა ქუთაისში. ტერმინი „ა.“ წარმოდგება მეფე-პოეტის არჩილის თხზულების „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ ხასიათიდან. პოემის მეორე კარში – „ძველთა და ახალთა საქართველოს მელექსეთა“ მეფე-კრიტიკოსი თითო სტროფით ახასიათებს და აფასებს ძველ და თავისი დროის ქართვ. მწერლებს.

ლიტ.: ბარამიძე ალ., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1940; ჭუმბურიძე ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, გამოც. მე-2, ტ. 1, თბ., 1974;  ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  გ., წიგნი და გამომცემელი, ბათ., 1980.

გ. ჯავახიშვილი