არჯევანიძე ეთერ ნიკოლოზის ასული (19. V. 1919, თბილისი,– 9. XII. 2009, იქვე), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1988). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1941). 1947-იდან მუშაობს თბილ. ს.-ს ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში, 1977–82 იყო ამავე ინ-ტის ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის გამგე, 1982-იდან – ამავე კათედრის პროფესორი. იკვლევდა ქართ. ზეპირსიტყვიერებისა და ლიტ-რის ისტ. საკითხებს. პირველი სამეცნ. ნაშრომი „ა. ხახანაშვილი, როგორც ხალხური სიტყვიერების მკვლევარი“ გამოაქვეყნა 1950, პირველი წიგნი – «ანოტირებული ბიბლიოგრაფია გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებული ქართული ხალხური სიტყვიერების მასალისა» – 1965. ა-ის ძირითადი ნაშრომებია: «ანოტირებული ბიბლიოგრაფია ჟურნ.-ში გამოქვეყნებული ქართული ხალხური სიტყვიერების მასალისა» (1971), „ქართული ხალხური სიტყვიერების შესწავლის საკითხი რევოლუციამდელი საქართველოს რუსულ პერიოდიკაში“ (1978), „ქართული ხალხური სიტყვიერება“ (1979), „აკაკი წერეთელი და ქართული ხალხური სიტყვიერება“ (1982) და სხვ.