არჯევან-სარვანი

არჯევან-სარვანი, სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, ბარეთის ტბის ჩრდ-ით. თემის ცენტრი (სოფლები: ა., გოდაკლარი, ჩოლიანი). ზ. დ. 1700 მ, წალკიდან 20 კმ. 547 მცხ. (2014).

-ის ძვ. სახელია ახალშენი. ა. უწოდეს 1829–30 ჩამოსახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა. სოფელში შემორჩენილია ქართ. ხუროთმოძღვრების 3 ძეგლი: გეგმით სწორკუთხა, დარბაზული ეკლესიების ნაშთები. ეკლესიები შიგნით და გარედან მოპირკეთებულია სუფთად გათლილი კვადრებით. მათ ირგვლივ სასაფლაოა. ერთ-ერთ ეკლესიას სამხრ-ით მთელ სიგრძეზე მინაშენი ჰქონდა, მეორე ეკლესიაში შემონახულია სამხრეთის კარის მორთულობა – ლამაზი კვეთილი ჯვარი. ყველაზე უკეთ შემონახული მესამე ეკლესიის კარ-სარკმელი შემკულია კვეთილი ჩუქურთმით. აღმოსავლეთის სარკმლის ნახევარწრიული სათაურის ქვეშ ყურძნის მტევანია ამოკვეთილი, ხოლო სარკმლის ორივე მხარეს – თითო შეწყვილებული ნახევარსვეტი. სამხრეთის კარის თავზე ასევე ნახევარწრიული სათაურია, რ-ის ქვეშ კვეთილი ჯვარია გამოსახული. საკურთხეველში 2 ნიშია. ძეგლი გადახურულია კამარით. სამხრ., აღმ. და დას. ფასადებს გასდევს ლამაზად დამუშავებული კვეთილი კარნიზი. აღმოსავლეთის სარკმლის ქვეშ ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია გიორგი მეფე. ე. თაყაიშვილის ვარაუდით, იგი არის XI ს-ში მოღვაწე გიორგი I ან გიორგი II და აქედან გამომდინარე, ძეგლსაც XI ს-ით ათარიღებს.

ლიტ.:Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.

დ. ბერძენიშვილი