ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე (10. IV. 1889, სოფ. ბარდნალა, ლეჩხუმის მაზრა, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, – 2. I. 1954, პარიზი), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ჟურნალისტი.
1907 დაამთავრა ქუთ. რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო მოსკ. კომერციული ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტზე. მოწაფეობის დროს, 1904–05, მონაწილეობდა ლეჩხუმისა და სვანეთის რევ. მოძრაობაში, რისთვისაც ციხეში იჯდა. 1914 დაამთავრა პეტერბ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. სწავლის დროს პეტერბურგში დაუახლოვდა პატრიოტულად განწყობილი ქართველების ჯგუფს, რ-იც ი. ჭავჭავაძის გზის გამგრძელებლად თვლიდა თავს. 1914 საქართველოში დაბრუნდა, ცხოვრობდა ქუთაისში. იყო ნაფიცი ვექილის თანაშემწე. მონაწილეობდა საზ. და პოლიტ. ცხოვრებაში. 1916 თბილისში გადმოვიდა ეროვნ.-დემოკრ. პარტიის შექმნაში მონაწილეობის მისაღებად. 1917 ივნ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე ერთ-ერთი ძირითადი მომხსენებელი იყო. ყურადრება მიიქცია მისმა მოხსენებამ აგრარულ საკითხზე. ა. მოითხოვდა მიწაზე კერძო საკუთრებას და მემამულეთათვის მიწის ნორმის დაწესებას ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. იყო საქართვ. ეროვნული საბჭოს – პარლამენტის – საქართვ. დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნ.-დემოკრ. პარტიიდან. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს მთავარი კომიტეტის თავ-რის მოადგილედ. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ კვლავ იბრძოდა საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, რისთვისაც დააპატიმრეს. შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა ჯერ სტამბოლში, შემდეგ საფრანგეთში. II მსოფლიო ომის დროს თავი ესპანეთს შეაფარა. საზღვარგარეთ აქტიურად თანამშრომლობდა ქართ. პოლიტ. ემიგრაციის პერიოდულ გამოცემებსა (გაზ. „სამშობლოსათვის“, ჟურნ. „ივერია“ და სხვ.) და ორგანიზაციებში. ერთხანს სცემდა ჟურნ. „სამშობლოს“, ეწეოდა მეცნ. მუშაობას. მის წიგნში „ძველი და ახალი მემკვიდრეობა“ XIX და XX სს. საქართველოს განმათავისუფლებელი ბრძოლა ერთიან პროცესად არის წარმოჩენილი, წამოყენებული და დასაბუთებულია მრავალი მნიშვნელოვანი ისტ. კონცეფცია. მკაცრად არის გაკრიტიკებული საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის ს.-დ. მთავრობა და საერთოდ ქართვ. სოციალ-დემოკრატთა მოღვაწეობა. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
თხზ.: მიწის საკითხი საქართველოში, ტფ., 1919; ძველი და ახალი მემკვიდრეობა, პარიზი, 1928.
ლიტ.: შარაძე გ., გიყვარდა საქართველო (ალექსანდრე ასათიანი - 100), «თბილისი», 1989, 28 ნოემბ.
უ. სიდამონიძე