ასათიანი გიორგი ირაკლის ძე (10. VI. 1914, ქ. ბორზია, ახლანდ. ჩიტის ოლქი, – 17. XI. 1977, თბილისი), დოკუმენტური კინოს რეჟისორი და ოპერატორი. საქართვ. (1961) და სსრკ (1967) სახ. არტისტი. დაამთავრა ლენინგრ. კინოინჟინერთა ინ-ტი (1936) და მუშაობა დაიწყო ასტრახანის ოლქში კინოკორესპონდენტად. 1939–41 სტალინგრადის ოლქის კინოკორესპონდენტია. II მსოფლიო ომის პერიოდში სამხ. კორესპონდენტი იყო. მის მიერ გადაღებული ფრონტული მასალები შევიდა დოკუმენტურ ფილმებში: „ნოვოროსიისკის აღება“ (1943), „ჰიტლერული ავანტიურის დასასრული კავკასიაში“ (1943), „ბერდიჩევის აღება“ (1944), „გენერალ ჩანჩიბაძის გვარდიული არმია სამამულო ომის უკანასკნელ ბრძოლაში“ (1945) და სხვ. 1945-იდან, საქართველოში დოკუმენტური ფილმების ცენტრ. სტუდიის კორესპონდენტად მუშაობის პერიოდში, გადაიღო 600-ზე მეტი სიუჟეტი. მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობისას შექმნა მრავალი ფილმი: „ბრიუსელის მსოფლიო გამოფენა“ (1958), „ნადირობა ჯუნგლებში“ (1959), „მსოფლიო ტაშს უკრავს“ (1960), „ნაირსართულიანი ამერიკა“ (1961), „ალჟირის დღიური“, „მაროკოელთა მიწა“, „საჰარა“ (სამივე 1962), „რესპუბლიკის დაბადება“ (1963), „უძველესი კულტურის ქვეყანა“ (1963; მ. ლომონოსოვის სახ. პრემია და სამახსოვრო მედალი, 1964), „მეხუთე კონტინენტის გზები“ (1963; მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის პრიზი და დიპლომი ლენინგრადში I საკავშ. კინოფესტივალზე, 1964), „შეხვედრა საბერძნეთთან“ (1964), „პარიზი... პარიზი“ (1965), „ინკების ქვეყანაში“ (1966), „ინგლისური ჩანახატები“ (1967), „ეკვატორს იქით, ოკეანეთა შორის“ (1968), „მიუნხენი, 25 წლის შემდეგ“ (1969), „შვეიცარიული ნოველები“ (1970), „ნილოსის სათავეებთან“ (1972), „ესპანეთის ძიებაში“ (1973), „ბასკთა ქვეყანაში“ (1976) და სხვ.
ა-მა გადაიღო საქართვ. ცეკვის სახელმწ. დამს. ანსამბლის ტრიუმფული მოგზაურობა მსოფლიოს ქვეყნებში. მან პირველმა აღბეჭდა ფირზე ქართ. კულტ. საზღვარგარეთული ძეგლები. ა-ის შემოქმედების უპირველესი თემა ყოველთვის იყო თანამედროვეობის აქტუალური პრობლემები, ჩვენი ხალხის წარსული და მისი დღევანდელობა. ა-მა წლების მანძილზე შექმნა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები თანამედროვე საქართველოზე, მის მშრომელ ადამიანებზე: „საუკუნეთა წყვდიადის მიღმა“ (1964), „ათასწლოვანი ბილიკებით“ (1967), „ქვაში ამეტყველებული საუკუნეები“ (1968), „საქართველო: ლეგენდები და სინამდვილე“ (1970), „კაცობრიობის გაზაფხული“ (1975), „ამბავი ქართული ვაზისა“ (1975), „თავისუფლების შუქი“ (1976), „განთიადის შესახვედრად“ (1977, გ. ჟვანიასთან ერთად) და მრავალი სხვა. ა-ის ფილმებისათვის დამახასიათებელია კადრის ზუსტი კომპოზიცია, კინომასალის ორიგინალური შერჩევა და მხატვრულობა. წლების მანძილზე ა. იყო საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი, საქართვ. კინემატოგრაფიის სახელმწ. კომიტეტის კოლეგიის წევრი, საქართვ. სამეცნ.-პოპულ. და დოკუმენტური ფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელმძღვანელობდა რესპ. კინომოყვარულთა საქმიანობას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
ა. გვენცაძე