ასათიანი გურამ ლევანის ძე (12. VIII. 1928, თბილისი, – 28. VI. 1982, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1974).
დაამთავრა მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. უნ-ტის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1951), შემდეგ – მოსკ. პედ. ინ-ტის ასპირანტურა (1954). 1956–57 იყო „ლიტერატურნაია გაზეტას“ საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში. კითხულობდა ლექციებს თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტში. 1987-იდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტ. ინ-ტის XIX ს. ქართ. ლიტ-რის განყ-ბის უფროს მეცნ. თანამშრომლად, 1965-იდან გარდაცვალებამდე – განყ-ბის გამგედ. 1976–82 იყო ჟურნ. „ლიტერატურნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი. როგორც ყოფ. სსრკ მწერალთა კავშირის კრიტიკის საბჭოს წევრი, მონაწილეობდა საკავშ. და საერთაშ. სიმპოზიუმებში, მოხსენებით გამოვიდა ლისაბონისა და მანილის ლიტერატორთა კონფერენციებზე. მისი ლიტერატურულ-კრიტ. წერილები 1955-იდან იბეჭდებოდა ქართ., რუს. და დასავლეთევროპულ პრესაში.
ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომები ქართ. ლიტ-რის ისტ. და თანამედროვეობის საკითხებზე. გამოაქვეყნა მონოგრაფიები, ნარკვევები და წერილები წიგნებად: „პოეზია და პოეტები“ (1963), „ქართველი ლირიკოსები“ (1963), «„მერანი“ და მისი ავტორი» (1969), „ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე“ (1974) და სხვ. ა-ის ლიტერატურულ-კრიტ. შემოქმედება გამოირჩეოდა ანალიზის სიღრმითა და გადმოცემის არტისტიზმით: დიდი ამაგი დასდო თანამედროვე ესეისტურ მწერლობას. მისი მონოგრაფიები და ნარკვევები გ. ორბელიანზე, ა. წერეთელზე, ვაჟა-ფშაველაზე, გ. ტაბიძეზე, ტ. ტაბიძეზე, პ. იაშვილზე, ს. ჩიქოვანზე, გ. ლეონიძეზე, ი. აბაშიძეზე და სხვ. ქართ. ლიტერატურული აზროვნების საუკეთესო გამოხატულებაა. საზ-ბის დიდი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა ბოლო ნაშრომმა „სათავეებთან“ (1982), რ-იც მეტად საინტერესო ცდაა ქართ. ხასიათისა და ესთეტ. ბუნების გასარკვევად. ამ წიგნში ავტორი განიხილავს ქართ. ეროვნ. ხასიათსა და ბუნების ძირითად თავისებურებებს ქართ. მწერლობაზე დაყრდნობით, აგრეთვე განმარტავს ქართ. რომანტიზმისა და კრიტ. რეალიზმის პოეტურ მემკვიდრეობას როგორც ეროვნ. საწყისებისა და იდეალების კონკრ. ისტ. რეალიზებას მხატვრულ შემოქმედებაში.
თხზ.: ლიტერატურული წერილები, თბ., 1974; თანამდევი სულები, თბ., 1983; საუკუნის პოეტები, თბ., 1988; ოთხტომეული, თბ., 2002.
ლიტ.: იმედაშვილი კ., გურამ ასათიანი, წგ.: მიჯნა, თბ., 1987.
გ. გვერდწითელი